ცხენისძუძუ კახური
ჯიშის სახელწოდება: ცხენისძუძუ კახური
სინონიმი: კახური ცხენისძუძუ ყვითელი, გრძელმარცვალა ქისი
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებრად,ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია, ფერი მორუხო-მოყვითალოა, ქვედა მხარე მოვერცხლისფრო-მოთეთრო ფერის.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა(18,5X18სმ), ფორმა მომრგვალო, უმეტესად სამნაკვთიანი, ფოთლის ზედაპირი ხშირად აბლაბუდისებრად დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთი ცვალებადია - გვხვდება როგორც დახურული და ვიწრო ელიფსისებრთვლიანი, ასევე ღია განიერთაღისებური ფორმის.ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისა ან ზეზეურია, უფრო ხშირად გვხვდება შევიწროებული, მომრგვალო ჩანგისმაგვარი ამონაკვეთები, იშვიათად ცალკბილიან ფუძეზე. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმა და ნაკლებ გამოსახულია, მას ოდნავ შესამჩნევი ან შეჭრილკუთხისმაგვარი ფორმა აქვს. ფოთლის კბილები მახვილწვეროიანი და სწორი ან გამობერილგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი ფორმისაა. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალო სისქის აბლაბუდისმაგვარი ბეწვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, მტევნის საშუალო ზომებია 17X8სმ. ფორმა ძირითადად კონუსისებრია. ხშირად საშუალო სიკუმსის. წონა, საშუალოდ, 160-180გ.მარცვლების რაოდენობა საშუალოდ 70-80 ცალი.
მარცვალი: მომწვანო - ყვითელი. დიდი ზომის,სიგრძე 1,6-2,2სმ, სიგანე 1,3-1,8სმ. ფორმა უმეტესად ოვალური. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია. წიპწების რაოდენობა 1-3.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-24%, მჟავიანობა 7-14 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0-7,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 0,8-1,0.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე - საღვინე ჯიშია.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევა კარგი ხარისხის ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს. ყურძენი ტრანსპორტაბელურია.
ღვინის დახასიათება: იძლევა საშუალო ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. ღვინო მოყვითალო ჩალისფერია, საშუალო სხეულის, გემო ჰარმონიული, კარგადაა გამოხატული ჯიშური არომატი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება - შედარებით უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 222-229.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 252.
Табидзе Д. И., Цхенисдзудзу кахури,В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пищепромиздат”, Москва, 1966,Стр 405-407.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი