საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ცხენისძუძუ აფხაზური


ჯიშის სახელწოდება: ცხენისძუძუ აფხაზურიcxeniszuzu-afxazuri სინონიმი: აჩკიკიჟი, აჩკირკი, ააცკიკა, აჩკიკი. წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი, ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსულია სქელი ქეჩისებრი ბეწვებით და ორივე მხრიდან თეთრია, ოდნავ მოვარდისფრო იერით ფოთოლაკების ირგვლივ. მესამე ფოთოლაკის შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და იგი მოყვითალო - მწვანე ხდება ოდნავ მოწითალო იერით, ხოლო ქვედა მხარეზე შებუსვის გამო მოთეთრო ფერს ინარჩუნებს. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (20X19 სმ), მომრგვალო ან თირკმლისმაგვარი ფორმის. სამნაკვთიანი, ხშირად სრულიად დაუნაკვთავი. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. ზედა ამონაკვეთები ზედაპირული და იშვიათად აღწევს საშუალო სიღრმეს. ქვედა ამონაკვეთები შეჭრილი კუთხისებრია. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ჩანგისმაგვარი ფორმისაა და მახვილი ან მომრგვალო ფუძე აქვს. კბილები მთავარი ძარღვებზე მახვილწვერიანი და გამობერილგვერდებიანი სამკუთხედისმაგვარი. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია აბლაბუდისებრი ბეწვებისა და სქელი სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან. ყუნწი გლუვი, იშვიათად ნაწილობრივ დაფარულია აბლაბუდისებრი ნაფიფქით, მოღვინისფრო-წითელი ფერის, დაჰყვება მწვანე ზოლები. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალოზე დიდი ზომისაა (22X8 სმ), წონა 150-200გ. ცილინდრული, იშვიათად დატოტვილი და ცილინდრულ-კონუსური. საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. ყუნწი ბალახისებრი, რომელიც რქასთან მიმაგრების ადგილზე ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვლის ყუნწი მწვანეა. მარცვალი: მოწითალოა, სრული სიმწიფის დროს მუქი ვარდისფერი. მსხვილი, ზომები -2,0X1,8სმ საშუალოდ. ძირითადად ოვალურია, მაგრამ იშვიათად მოგრძო ფორმის. კანი სქელი და მკვრივია, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი ხორციანი, კნატუნა, მცირეწვნიანი, გემო ტკბილი და სასიამოვნო, ძლიერ სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით. წიპწა 1-2. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-20,9%, მჟავიანობა 6,7-10,3 გ/ლ. მოსავლიანობა: 19-20 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,3-1,4. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: მაღალი ღირსების ყურძენია. მტევნები ლამაზი გარეგნობისაა, ხოლო მარცვლებს სასიამოვნო გემო აქვს. კარგად იტანს ტრანსპორტირებას ახლო მანძილზე და ხანგრძლივადაც ინახება.
დამატებითი ინფორმაცია: სუსტი გამძლეობა აქვს ჭრაქის, კარგი - ნაცრისა და სიდამპლის მიმართ. რქების მომწიფების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 372-275. ავტორი: დავით მაღრაძე