საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

უბაკლური


ჯიშის სახელწოდება: უბაკლურიubakluri სინონიმი: ობაყლური წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსიგვირგვინით და გაუშლელი ფოთოლაკებით ყოველი მხრიდან შებუსულია ქეჩისებურად, ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლების (4-5) შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და მომწვანო-ყვითელი ფერის ხდება. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მრგვალი, უმეტესად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი აბლაბუდისებურადაა დანაოჭებული. მწვანე ფერის. ხშირად გვხვდება დახურული ყუნწის ამონაკვეთები, ელიფსური ან კვერცხისმაგვართვლიანი და წამახვილებული ან მრგვალფუძიანი ფორმებით. ზედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად კვერცხისმაგვარია, იშვიათად ამონაკვეთის ფუძე ცალკბილიანია. ქვედა ამონაკვეთის ფორმა უმეტესად ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად - გაშლილი ჩანგისმაგვარი. მთავარი კბილების ფორმა მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილებისა კი ოდნავ გამობერილგვერდიანი სამკუთხედის მსგავსია. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალო სისქის აბლაბუდისმაგვარი ბეწვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, სიგრძე 10-20სმ, სიგანე 8-12სმ. ფორმა განიერკონუსურია. კუმსია.  საშუალო წონა 100-350გ. მარცვალი: მარცვლის საშუალო ზომებია 1,85X1,7სმ. ubakluri-2მომრგვალო ფორმისაა. მომწვანო-ყვითელი ფერის. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი  საშუალო სიმკვრივისა და მდნადია, მარცვლის გემო სასიამოვნო და ჰარმონიულია. მარცვალი მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწს. დაჰკრავს მუსკატის სუსტი გემო.წიპწების რაოდენობა მარცვალში 1- 4 ცალი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-21%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ. მოსავლიანობა:  8,0-10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,3. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: იძლევა ხარისხიან თეთრ სუფრის ღვინოს, რომელიც ღია ჩალისფერია, აქვს კარგად გამოხატული ჯიშური არომატი, ნაზი და ჰარმონიული გემო.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნადაც. სოკოვანი დაავადებების მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ - უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 187-194. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 252. Табидзе Д. И. ,Убаклури, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пищепромиздат” Москва, 1966,Стр. 267-269. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი