საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სირგულა


ჯიშის სახელწოდება: სირგულაsirgula სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინითა და ახალგაზდა ფოთოლაკით(1-3) შებუსულია აბლაბუდისებურად,ფერი მონაცრისფრო-თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები(4-5) ზედა მხრიდან შეუბუსავია,ფოთლები მომწვანო-ყვითელი. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა(18X17,5). ოვალურიფორმის,უმეტესად ხუთნაკვთიანი. ფირფიტის ზედაპირი გლუვია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ხშირად მახვილფუძიანი  ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისაა, ამონაკვეთის ფორმა ძირითადად მომრგვალოფუძიანი ჩანგისმაგვარი, იშვიათად განიერელიფსისებურთვლიანი. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმაა, ამონაკვეთის ფორმა უმეტესად მომრგვალოფუძიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად მშვილდისმაგვარი ფორმის. მთავარი კბილები მახვილწვეროიანი, გამოზნექილგვერდიანი სამკუთხედისმაგვარი ფორმისაა, გვერდითი კბილების ფორმა ხერხისკბილებისმაგვარია. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელი ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (16X8სმ), ძირითადად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი. საშუალო სიკუმსის. მტევნის წონა, საშუალოდ, 120-150გ. მარცვალი: ღია ყვითელი ფერისაა, საშუალო ან საშუალოზე დიდი, ზომებით 1,85X1,65სმ.  ოვალური ფორმის, კანი რბილობს ადვილად არ სცილდება. რბილობი მკვრივია, მდნადი, ოდნავ კრახუნა. მარცვლის გემო სასიამოვნო და ჰარმონიულია, სუსტად გამოსახული, მაგრამ შესამჩნევი ჯიშური არომატით. წიპწების რაოდენობა მერყეობა 1- 4 შორის. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17-18%,  მჟავიანობა 5-7 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,2- 6,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,0. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევა ადგილობრივი მოხმარების ხარისხიან სუფრის ყურძენს. არ გამოირჩევა  მაღალი  ტრანსპორტაბელურობით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დავადებების მიმართ საშუალოდ გამძლეა ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე მცირედ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 230-237. Табидзе Д. И., Сиргула,  В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда,Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат” Москва, 1966,Стр. 146-149. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი