ძელშავი
ჯიშის სახელწოდება: ძელშავი
სინონიმი: ძველშავი, ძელშავი ობჩური
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი ორივე მხრიდან შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, მორუხო თეთრი ფერისაა და ბაცი ვარდისფერი არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის (3–4) ფოთლები ზედა მხრიდან კარგავს შებუსვას და იღებს მოყვითალო-მწვანე ფერს მონარინჯისფრო იერით. ქვედა მხრიდან ფოთლების შებუსვა მცირდება და შეფერვა რუხი მოთეთრო ხდება.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საკმაოდ დიდი (18X16 სმ). ოვალური, იშვიათად მომრგვალოა, ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. ზედა ამონაკვთები ღრმაა, უფრო ხშირად დახურული. ქვედა ამონაკვთები არაღრმა, ჩვეულებრივ, ღიაა. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებური ან თაღისებური ფორმის. ქვედა მხარე შებუსულია საკმაო სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით და სქელი ჯაგრისებრი ბუსუსებით. ფოთლის კიდეების დაკბილვა სამკუთხედისებურია. ყუნწი შებუსულია თხელი სწორმდგომი ბუსუსით და ხშირად შეფერილია ღია ღვინისფრად.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე დიდი ზომისაა (15X9სმ), წონა 120–200 გ, საშუალოდ. განიერკონუსური, ხშირად დატოტვილი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებურიც გვხვდება. ოდნავ კუმსია ან საშუალო სიკუმსის. ყუნწი მოკლე, საშუალოდ 2–3 სმ სიგრძის, ბალახისებრი, რქასთან მიმაგრების ადგილას ხევდება და რქის ფერს იღებს.
მარცვალი: მარცვალი მუქი წითელი, თითქმის შავი ფერის. საშუალო და საშუალოზე მსხვილი, ზომა 1,7X1,6სმ. მომრგვალო, იშვიათად შეზნექილი ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მტევანში მათი რაოდენობა არათანაბარია, ახასიათებს მცირეოდენი წვრილმარცვლიანობა (3-5%). კანი უხეში, ადვილად სცილდება რბილობს, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს. რბილობი წვნიანია, წიპწებთან ოდნავ შესქელებული. წვენი უფერულია, ტკბილი, ჯიშური არომატი ძლიერ სუსტად აქვს გამოხატული. წიპწების რაოდენობა 1-2.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-24%, მჟავიანობა 7,0–12,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 8,0–13,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: შუა იმერეთში მისგან ღია წითელი ან მოვარდისფროა ნაკლებ სხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება. ზემო იმერეთსა და რაჭაში ის უფრო თხელი და ნაკლებშინაარსიანია, ამიტომ მიმართავენ კუპაჟს მგალობლიშვილთან, ოცხანურ საფერესთან და ა.შ. უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი ცქრიალა ღვინისათვის იძლევა - ამ წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, მსუბუქი და საკმაო ხალისიანი.
დამატებითი ინფორმაცია: შედარებით კარგად უძლებს ნაცარს, მაგრამ ადვილად აზიანებს ჭრაქი. მიეკუთვნება საგვიანო სიმწიფის ჯიშებს. ხასიათდება ძლიერი ზრდით.
დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 381-383;
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია. სახელმძღვანელო უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 511-513;
Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Дзвелшави обчури. В Ампелография СССР, малораспространенные сорта, Том 1. Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, стр. 471-474;
Кварацхелия Ф.К., Западно-грузинские сорта винограда. Издание Сакарской опытной стаеции по виноградарству и виноделию, Кутаиси, 1936Ю стр. 38-39;
Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 189.
ავტორი: დავით მაღრაძე