საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

უსახელოური


ჯიშის სახელწოდება: უსახელოურიusaxelouri სინონიმი: ოყურეშული წარმოშობა: ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინითა და პირველი ორი გაუშლელი ფოთოლაკით ორივე მხრიდან შებუსულია თხელი აბლაბუდისებრი ბეწვებით, ქვედა მხრიდან უფრო ძლიერაა შებუსული და მომწვანო რუხი ფერისაა, გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ გასდევს მოვარდისფრო არშია. მეორე იარუსის მე–2 და მე–4 ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავი და მოყვითალო მწვანე ფერის არიან (ღია ბრინჯაოს იერით), ფოთლის ქვედა მხარეზე რჩება აბლაბუდისებრი შებუსვა და მორუხო მწვანე ფერი, რომელიც მომდევნო ფოთლებზე ქრება. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად - ხუთნაკვთიანია. მომრგვალო, უფრო იშვიათად განიერ-ოვალისებრი. საშუალო და საშუალოზე მცირე ზომის (15X14სმ). მწვანე. ზედა ამონაკვეთი არაღრმა, ხშირად ზედაპირული ან საშუალო სიღრმის, ღია ჩანგისმაგვარი შევიწროებული ყელით ან თითქმის პარალელური გვერდებით. ქვედა ამონაკვეთები სუსტად ღრმაა და ნაკლებად გამოსახულია. ყუნწის ამონაკვეთი მუდამ ღიაა, უფრო ხშირად მშვილდისებრი ან განიერი თაღისებრი, წამახვილებული ან მომრგვალო ფუძით. ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი ბუსუსებით. ძარღვების გასწვრივ შესამჩნევია სუსტი ჯაგრისებრი ბუსუსი და თხელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვები. ერთი შეხედვით, ფოთოლი უბუსუსოა. ყუნწის სიგრძე ფოთლის მთავარ ძარღვს უდრის, შეფერილია მოწითალო - ღვინისფრად მომწვანო ზოლების დაყოლებით. ყვავილი: ორქესიანი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად განიერ-კონუსური ანდა ცილინდრული. საშუალო ზომის (14X8 სმ), წონა 40–120 გ. ხშირად მხრიანი - მხრების სიგრძე აღწევს ძირითადი მტევნის ერთ მესამედს, ზოგჯერ კი მის ნახევარსაც. კუმსია; იშვიათად ნაკლებად კუმსი მტევნებიც გვხვდება. ყუნწი - 3-7სმ, ბალახისებრი, რქასთან მიმაგრების ადგილას ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვალი: შავი ფერისა, საშუალო სიდიდის (1,5X1,45სმ). მომრგვალო ან ოდნავ შეზნექილი ფორმის, სიმეტრიული, შუაში განიერია და ბოლომომრგვალებული. კანი თხელი, დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, ადვილად სცილება რბილობს. რბილობი წვნიანია, წვენი უფერულია. გემო სასიამოვნოდ ტკბილია. წიპწების რაოდენობა 1-3. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 22-26 %, მჟავიანობა 6-9 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0-7,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,8-1,0. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: უსახელოურის ყურძენი ძირითადად მიდის ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინის დასაყენებლად, თუმცა ასევე იძლევა მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს, რომელიც ხასიათდება ინტენსიური შეფერვით - ლამაზი ლალისფერი და მწიფე ბროწეულის ფერით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო სიტკბოთი, საკმაო სხეულით და ჰარმონიული გემოთი. საქართველოს ღვინის კომპანიები ასხავენ უსახელოურის ჯიშურ ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა არადამაკმაყოფილებელია, თუმცა ნაცრის მიმართ საკმაოდ გამძლეა. ადვილად ზიანდება ყურძნის ჭიისაგან. ფილოქსერის მიმართაც მისი გამძლეობა სუსტია. სხვა ჯიშებზე მეტად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებისაგან. საშუალო ზრდისაა. მაღალი ღირსების ღვინოს იძლევა მთის ფერდობებზე, ქვეთიხნარ ხირხატ, კირით მდიდარ ნიადაგებზე. ყურძენი ლეჩხუმში სექტემბრის ბოლოს მწიფდება. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებულია - ძირითადად მოჰყავთ ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზუბსა და ოყურეშში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 300-305; მიროტაძე ბ., უსახელოური, რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, 1939, გვ. 151-154; რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, სახელმძღვანელო უმაღლესი აგრონომიული სპეციალობის სტუდენტებისათვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 504-506; ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 249-251; Robinson J., Harding J., Vouillamoz J. 2012. Wine Grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp.1103. ავტორი: დავით მაღრაძე