საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

აკაბილიჟი


ჯიშის სახელწოდება: აკაბილიჟი სინონიმი: აკუბილაჟი, აგუტოლიჟი წარმოშობა: აფხაზეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსის პირველი ორი ფოთოლი დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით, ნაპირებში ბაცი ვარდისფერი კანტით. მეორე იარუსის ფოთლები ზევიდან მოყვითალო-მწვანეა, ნარინჯის ელფერით, ქვევიდან მონაცრისფრო-თეთრი, ვარდისფერი ლაქებით ნაპირებში. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალო ფუძით, იშვიათად დახურული, მახვილი ფუძით. კბილები ხერხკბილაა, მახვილი წვერით. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო სიდიდის, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად უფორმო, თხელი  ან საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა - 135 - 172 გ. მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილის სქელი ნაფიფქით. კანი თხელი, მკვრივი, ადვილად შორდება რბილობს. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო, სუსტად გამოხატული ჯიშური გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,8 – 20,5 %, მჟავიანობა 7- 10 გ/ლ. მოსავლიანობა:  8,0-10,0 ტონა/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, საშუალო ხარისხის სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: აკაბილიჟს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება და მაღალი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის დასაწყისში. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 219; Табидзе Д. И., Акабилиж, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1963, Том I, ст. 55-57. ავტორი:   ეკატერინე აბაშიძე