თავკვერი
ჯიშის სახელწოდება: თავკვერი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: ქართლი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: საშუალოზე მსხვილი, მისი ბაზალური ნაწილი უფრო გამსხვილებულია. მთლიანად შიშველი, მოწაბლისფრო შეფერვით და მკვეთრად გამოსახული მოიისფრო ელფერით.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი. საშუალო ან საშუალოზე დიდი (21,4X19,6სმ) ზომის. ოვალური, ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად ღიაა, ფორმით კი ჩანგისებრი. ზედა ამონაკვეთი ხშირად დახურულია. ქვედა ამონაკვეთი ხშირად ღიაა და საკმაოდ ჩაჭრილი, ჩანგისებრი პარალელური გვერდებით. კბილები სამკუთხედისებრია მახვილი ან მომრგვალო წვერით, ან ხერხკბილა სამკუთხედისებრია ცალმხრივ ამოზნექილი გვერდით და მახვილი წვერით. ზედა და ქვედა მხრიდან შეუბუსავი - შიშველი.
ყვავილის სქესი: მდედრობითი.
მტევანი: ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, საშუალო ზომის (სიგრძე 15-17სმ, სიგანე 11-12სმ). ნორმალურად დაყვავილების შემთხვევაში მტევანი მასობრივად კუმსია. ყუნწი ყურძნის სრული მწიფობის პერიოდში ხევდება თითქმის მუხლამდე და იღებს რქის დამახასიათებელ შეფერვას. მტევნის საშუალო წონა - 200-240 გ.
მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი, საშუალო ზომის, სიგრძე 15,6-17,5მმ, სიგანე 15,1-17,9 მმ. ნორმალური მარცვალი შუა წელში განიერია, ბოლოგაბრტყელებული, სიმეტრიული და საკმაოდ სქელკანიანი. კანი უხვადაა დაფარული ნაფიფქით, რბილობს ადვილად სცილდება. რბილობი საკმაოდ ხორციანი, უფრო წვნიანი, ტკბილი და ოდნავ მომჟავო გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-20,5%, მჟავიანობა 7,8-10,1 გ/ლ.
მოსავლიანობა: 20,0-30,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2-1,3.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ჯიშური და კუპაჟში გამოყენებული ღვინო ხასიათდება მსუბუქი სხეულით, საშუალო ან საშუალოზე მცირე ალკოჰოლით და ოდნავ მომატებული საერთო მჟავიანობით. თავკვერიდან დგება ძალზე საინტერესო წითელი მშრალი ან ვარდისფერი ღვინოები ველური ვარდისა და წითელი ხილის სურნელებით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდა ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: თავკვერი ადვილად ზინდება ჭრაქით. აღსანიშნავია, აგრეთვე, ნაცრისფერი სიდამპლის უარყოფითი გავლენა ვაზზე.
დღევანდელი მდგომარეობა: რეგიონალურად გავრცლებული ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 157-163.
ხარბედია მ., ქართული ღვინის გზამკვლევი, გამომცემლობა „იბერიელი“, 2013, 309გვ.
Tsertsvadze N., Tavkveri. In: Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. By Maghradze D., Rustioni L., Turok J., Scienza A., Failla O. (Eds) Vitis (special issue). 2012. Pp. 228-229.
ავტორი: ლარისა ვაშაკიძე