კუმსი შავი
ჯიშის სახელწოდება:კუმსი შავი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსულია აბლაბუდისებურად,ფერი - თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია, ფერი მომწვანო-ყვითელი, ხოლო ქვედა მხარეს შებუსვა შენარჩუნებულია.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა ან ოდნავ პატარაა (17,0X17,5სმ). მომრგვალო ფორმის. უმეტესად ხუთნაკვთიანი. ზედაპირი გლუვია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ღია, მომრგვალო ჩანგისმაგვარი. ფოთლის ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისა ან ღრმაა, ჩვეულებრივ ამონაკვეთის ფორმა დახურულია, განიერელიფსისმაგვარი ან გარდიგარდმო ელიფსისმაგვარი, ასევე კვერცხისმაგვარი მომრგვალო ფუძიანი, იშვიათად ღია ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარი. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმაა, ამონაკვეთი მრგვალი ან ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად ჩანგისმაგვარი ფორმისაა და პარალელურგვერდიანი.ფოთლის მთავარი ძარღვი ბოლოვდება მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით. გვერდითი კბილები ხერხისმაგვარი სამკუთხედის მსგავსია. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა შებუსული, იგი დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებური ბეწვით და სქელი ჯაგრისმაგვარი ბუსუსებით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე პატარა ან პატარა, ზომით 12X6სმ. წონა, საშუალოდ, 100-120გ. ხშირად კონუსისებრი ფორმის. ძლიერ კუმსი.
მარცვალი: მუქი ლურჯი ფერისა,საშუალო ზომის (1,5X1,4სმ). მომრგვალო, შუაში განიერი ფორმის. კანი ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია. წვენი ღია ვარდისფერი, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული, ჯიშური არომატი სუსტადაა გამოხატული. წიპწების რაოდენობა მარცვალში - 1-3 ცალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-20,8%, მჟავიანობა 6,9-9 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,0-6,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,0-1,2.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: იძლევა სუფრის წითელ ღვინოს, რომელსაც ახასიათებს სუსტი შეფერვა, საშუალო სხეული და დაბალი ალკოჰოლის შემცველობა. გემო ჰარმონიულია, ჯიშური არომატი საკმაოდ სუსტადაა გამოხატული.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალოზე უკეთ გამძლეა - მეტად ჭრაქის, ვიდრე ნაცრის მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 317-324.
Табидзе Д. И., Кумси шави,В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат”, Москва, 1965, Стр. 229-232.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი