საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წულუკიძის თეთრა


ჯიშის სახელწოდება: წულუკიძის თეთრაwulukizis-tetra სინონიმი: რაჭული თეთრა წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი გაუშლელი ფოთოლაკი შებუსულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი ბეწვებით, განსაკუთრებით ფოთოლაკების ქვედა მხრიდან და მოთეთრო-მოწითალო ღვინისფერი არშიის შემოვლებით. მეორე იარუსის ფოთლების შებუსვა საგრძნობლად მცირდება და ზედა მხრიდან ღია მწვანეა მოყვითალო იერით. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთვიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომის (18X16სმ), მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული. ფირფიტის ზედაპირი გლუვი ან იშვიათად ბადისებრ დანაოჭებულია. ზედა ამონაკვეთები, ჩვეულებრივ, საშუალო სიღრმის, იშვიათად ზედაპირული, ღია ჩანგისებური. ქვედა ამონაკვეთები კი, ჩვეულებრივ, ზედაპირულია, ფორმით ოდნავ შესამჩნევი ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარია. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა. ფოთლის გვერდითი ძარღვები ბოლოვდება ხერხის კბილისმაგვარი, ოდნავ ცალგვერდგამოწეულ სამკუთხედისებრი კბილებით. ერთი შეხედვით ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მაგრამ თუ დავუკვირდებით, დავინახავთ თხელ აბლაბუდისმაგვარ ბეწვებს. ყუნწი შიშველია და შეფერილია მოწითალო - იისფრად. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 9-18სმ, სიგანე 5-9სმ). ცილინდრული ან ვიწრო კონუსური, იშვიათად გვხვდება დატოტვილი, უფორმო მტევნები. ხშირად - მხრიანი, ზოგჯერ მხარი ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. უფრო ხშირად საშუალო სიკუმსის, თუმცა იშვიათად გვხვდება თხელი და კუმსი მტევნებიც. ყუნწი წვრილი და გრძელია, ბალახისებრი, ფერად მწვანე, რქასთან მიმაგრების ადგილას კი ხევდება და რქის ფერს იღებს. მარცვალი: საშუალო და საშუალოზე დიდია (1,62X1,48სმ). ოვალური, უდიდესი სიმსხო მოდის მარცვლის შუა ნაწილზე, ბოლო მომრგვალებულია. მომწვანო-მოყვითალო ფერის თეთრი იერით, ხშირად შესამჩნევია მოყავისფრო პატარა ხალები, ხოლო მზის მხარეს - სიდამწვრის ლაქები. კანი თხელია, ნაზი, დაფარულია თხელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი მდნადია. წვენი უფერული, სასიამოვნო ტკბილი. წიპწების რაოდენობა 1-2. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0-22,5 %, მჟავიანობა 7,0-10,1 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,38. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: წულუკიძის თეთრა გამოყენება სუფრის, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოსახული არომატი, საშუალო სხეული და ნაზი სასიამოვნო გემო. საერთოდ, წულუკიძის თეთრა მაღალი ღირსების ნაზ, სასიამოვნო სუფრის ღვინოს იძლევა. მისგან მზადდებოდა ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „თეთრა“.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება, თუმცა ფილოქსერის მიმართ საგრძნობლად დაბალ გამძლეობას ამჟღავნებს. რქის მომწიფების ხარისხი კარგი. საშუალო ზრდის სიძლიერის. ნიადაგის მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ აყენებს, მაგრამ მაღალი ხარისხის ღვინოს იძლევა ფერდობებზე განლაგებულ კირნარ-თიხნარ და ნეშომპალა-კარბონატულ ტიპის ნიადაგებზე. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიშია. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 387-393; მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 1939, გვ. 97-100; რამიშვილი მ., ამპლოგრაფია. სახელმძღვანელო უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 418-420; Табидзе Д. И., Альбильо Крымский (Цулукидзис тетри), В Ампелография СССР, Том 2. Отв. Ред. Фролов-Багреев А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1953. стр. 108-120. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე