საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თეთრა


ჯიშის სახელწოდება: თეთრაtetra სინონიმი: უცნობია წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი ღია მწვანე, კიდეებზე მოწითალო ელფერით. ახალგაზრდა ფოთლები ღია მწვანეა მოწითალო-იისფერი ელფერით, ორივე მხრიდან საკმაოდ სქლადაა შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. ყლორტი მომწვანოა, მზიანი მხრიდან ღია  წითელი, მცირედ შებუსულიაბლაბუსდისებური ბუსუსით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, ფორმით მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან ისრისებური მომრგვალო-წამახვილებული ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური ან სამკუთხედისებურია მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი, საშუალო მასა შეადგენს 220,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ღია მწვანეფერის, მზიანი მხრიდან მომწვანო-ქარვისფერი, სქლად დაფენილი ცვილით. საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანი, ხორციანი, სასიამოვნო, ტკბილი გემოთი. უმეტესად სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,0 %, მჟავიანობა 10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 100,0 კგ/ძირზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში). სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: სუფრის თეთრი ღვინო, საკმაოდ ჰარმონიული, ხილის ტონებით.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ყურძნის წვენის დასამზადებლად და ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა.ძლიერ ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით - ჭრაქით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 161-164. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 227. Рамишвили М.А., Тетра. В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность. Москва,1966, Том III, Ст. 230-232. ავტორი: ირმა მდინარაძე