ორონა
ჯიშის სახელწოდება: ორონა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოწითალო, შებუსული საკმაოდ სქელი აბლაბუდისებური თეთრი ფერის ბუსუსით. ახალგაშლილი ფოთლები ღია მწვანე, შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა იისფერი ელფერით, მცირედ შებუსული.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, იშვიათად გვხვდება დახურული, კვერცხისებური ფორმის ამონაკვეთი. კბილები სამკუთხედისებურია მახვილი ან იშვიათად მომრგვალო წვერით, ზოგჯერ ხერხკბილა-სამკუთხედისებური. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრული ან
ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მეტად კუმსი, რის გამოც მტევანი ხშირად მოხრილია, საშუალო მასა - 257,4 გ.
მარცვალი: საშუალო ზომის, ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი - თითქმის შავი ფერის, უხვად დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. ძირითადად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,5 %, მჟავიანობა 9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,5-8,5 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, მუქი ვარდისფერია, სრული, ჰარმონიული გემოთი და სასიამოვნო მჟავიანობით, ალკოჰოლის შემცველობა 11,2%.
დამატებითი ინფორმაცია: ორონისაგან მიიღება გაცილებით უკეთესი ხარისხის სუფრის ღვინო მზით კარგად განათებულ და ურწყავ ფერდობებზე გაშენებისას. ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 95-97.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 235.
Рамишвили М.А., Орона, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том II,1965,Ст. 509-511.
ავტორი: ირმა მდინარაძე