ციცქა
ჯიშის სახელწოდება: ციცქა
სინონიმი: შანთი, მამალი ციცქა
წარმოშობა: იმერეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსულია ორივე მხრიდან საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსით და მოთეთრო ფერისაა, სუსტი მოვარდისფრო არშია ავლია ფოთოლაკებისა და ყუნწის გასწვრივ. მე-3-4 ფოთოლაკიდან დაწყებული, შებუსვა ზედა მხრიდან საგრძნობლად მცირდება და მომწვანო-ყვითელი ფერისა ხდება ღია ბრინჯაოსფერი იერით.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, უფრო ხშირად ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომის (17X16 სმ). ფირფიტა მომრგვალო ან უფრო ხშირად ოდნავ წაგრძელებულია. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული, ან წვრილბურთულოვანი, მუქი მწვანე ფერისაა. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზედაპირული ან საშუალო სიღრმის. ქვედა ამონაკვეთები უფრო სუსტადაა გამოსახული და ნაკლებად ღრმაა. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ან თაღისმაგვარია. კბილები ხერხისმაგვარი. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი ბუსუსებით. ყუნწი გლუვია, ღია მწვანე ფერისა და ზოგჯერ მოვარდისფრო იერით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა (14X8სმ), საშუალო წონა - 130-150გ. კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური. ხშირად მხრიანი; მხრის ზომა ძირითადი მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი ძლიერ კუმსი, გვხვდება კუმსი და იშვიათად საშუალო სიკუმსის მტევნებიც. ყუნწი საკმაოდ გრძელია და მკვრივი, ბალახისებრი, ფუძესთან ხევდება და იღებს რქის ფერს.
მარცვალი: მომწვანო-ყვითელია, მზის მხარეს მოქარვისფრო იერით. საშუალო ზომის, წონა 140-160გ. ძირითადად მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური ფორმის და სიმეტრიული. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანი, მდნადი. წვენი უფერული, გემო - ხალისიანი ტკბილი. ჯიშის სპეციფიკური არომატი მარცვალში მცირედ არის გამოხატული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18 - 25%, მჟავიანობა 7,0-13,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 10-12 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,5.
სამეურნეო მიმართლება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ციცქა მაღალხარისხოვანი ვაზის ჯიშია, იგი იძლევა საუკეთესო ღირსების სუფრის ღვინოს და ხარისხოვან მასალას ცქრიალა ღვინოებისათვის. ციცქას სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, გემო ნაზი და ჰარმონიული აქვს. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს. ზემო იმერეთში მდ. ჩხერიმელისა და ძირულის ხეობებში ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე ციცქა იძლევა გამჭვირვალე, ღია ჩალისფერ, საკმაოდ სხეულიან, ნაზ, ხალისიან ღვინოს კარგად გამოხატული ხილის ტონებით. ხშირად კუპაჟდება სხვა ჯიშებთან - მაგალითად, ცოლოკაურთან.
დამატებითი ინფორმაცია: ციცქა სუსტი გამძლეობით ხასიათდება ნაცრისა და ჭრაქის მიმართ, ხოლო შედარებით მეტად გამძლეა ფილოქსერის მიმართ. ჰავისა და ნიადაგური პირობების მიმართ შეგუების კარგი უნარით ხასიათდება. გაზაფხულის წაყინვებისაგან იგი შედარებით ნაკლებად ზიანდება, ვიდრე ცოლიკაური.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 357-363;
რამიშვილი მ., ამპლოგრაფია, სახელმძღვანელო უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 413-415;
Кварацхелия Ф.К., Западно-грузинские сорта винограда., Издание Сакарской опытной стаеции по виноградарству и виноделию, Кутаиси, 1936, стр. 5-7;
Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239.
ავტორი: დავით მაღრაძე