ღვინის თეთრი
ჯიშის სახელწოდება: ღვინის თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: წვერო გვირგვინითა და პირველი ორი-სამი გაუშლელი ფოთოლაკებით ვერცხლისფერია, შეუბუსავი. ყლორტი გვირგვინის ქვემოთ მდებარე მესამე ფოთლიდან შებუსულია თხლად და ღია მომწვანო ფერისაა.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო და დიდი ზომის. მომრგვალებული ან გულისმაგვარი ფორმის. სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული, ზოგჯერ კიდემთლიანიც. ფოთლის ზედაპირი გლუვი და სუსტადბურთულიანი. ზედა ამონაკვეთები პატარა და საშუალოა, ღიაა. ქვედა ამონაკვეთები ხშირად არ არს გამოხატული, იშვითად ზერელე, ღია. ყუნწის ამონაკვეთი ღია, განიერი. კიდეები დაკბილულია სამკუთხედისებურად ამობურცული მხრებით და გუმბათისებურია. მწვანე ყუნწი მთავარ ძარღვის ტოლი ან მასზე გრძელია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მტევნის სიგრძე 10-13სმ, სიგანე 4-6სმ. წონა 130-180გ. მტევანში 110-120 მარცვალია. ყუნწი მოკლეა, სიგრძე 2-3სმ.
მარცვალი: საშუალო ზომისაა (1.5X1.5სმ), მომრგვალებული, ქარვისებური, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელია, არ სცილდება რბილობს, დაფარულია თანაბარი ცვილისებური ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, სუსტად კნატუნა, სასიამოვნო გემოსი. მარცვალში 2-3 წიპწაა.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-24%, მჟავიანობა 5.2-7,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0-8,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე - სასუფრე.
ღვინის დახასიათება: შეიძლება გამოყენებულ იქნეს ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: მოიხმარება როგორც ადგილობრივი დანიშნულების სასუფრე ყურძენი.
დამატებითი ინფორმაცია: მგრძნობიარეა ნაცრისადმი. თელავის პირობებში სავეგეტაციო პერიოდი არის 136-142 დღე. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის პირველ დეკადაში. რქის მომწიფება ძალიან კარგი. ზრდის სიძლიერე საშუალო. მარცვლის დაწვრილება უმნიშვნელო.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ., მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის, წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში, სამეცნიერო შრომების კრებული, რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2008, გვ. 62-69.
Табидзе Д., Гвинис тетри, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 1, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1970, стр. 325-326.
ავტორი: დავით მაღრაძე