ჭოდი
ჯიშის სახელწოდება: ჭოდი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-იისფერია, საკმაოდ სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ახალგაზრდა ფოთლები ღია მწვანეა მოწითალო ელფერით, ორივე მხრიდან შებუსულია აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, მოწითალო-იისფერი ელფერით მზიანი მხრიდან, მცირედ შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამი-, ხუთნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მომრგვალო ან მახვილი ფუძით და ისრისებურია, თანასწორგვერდიანი, წამახვილებული ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური და სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ არის შებუსული ჯაგრისებურ-აბლაბუდისებური ბუსუსით, მთავარი ძარღვები ძალიან მცირედაა შებუსული.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ან მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ უფორმო და დატოტვილი, თხელი ან საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 98,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომისაა, ფორმით მომრგვალოა, ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, ზომიერად დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. წვენი უფერულია. უმეტესად ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-19,0 %, მჟავიანობა 9,2 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-7,5 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების საკმაოდ ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება ჭრაქით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 240-242;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 246;
Рамишвили М.А., Чоди, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 460-462.
ავტორი: ირმა მდინარაძე