საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მუჯურეთული


ჯიშის სახელწოდება: მუჯურეთულიmujuratuli სინონიმი: უცნობია წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი, ჯერ კიდევ სრულად გაუშლელი ფოთოლაკები ყოველი მხრიდან შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით, შეფერილია თეთრად და აქვს მკრთალი ვარდისფერი იერი, განსაკუთრებით ფოთოლაკების და გვირგვინის ირგვლივ. ქვემო იარუსის (მესამე-მეოთხე) ფოთლების შებუსვა ზემო მხრიდან მცირდება, რის გამოც მათი მოყვითალო-მწვანე ფერი ხდება მოწითალო, მონარინჯისფრო იერის გადაკვრით. ფოთლების ქვედა მხარე, სქლად შებუსვის გამო, ისევ მორუხო თეთრია. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად მთლიანი და ძლიერ იშვიათად - ხუთნაკვთიანი. საშუალო სიდიდისაა (17X17 სმ). მომრგვალო, უფრო ხშირად ოვალური ვიდრე განიერ-ოვალური ფორმის. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია, მქრქალი მწვანე. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად საშუალო სიღრმის, იშვიათად სუსტი, ფორმით ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარი. ქვედა ამონაკვეთები ოდნავ ღრმა და ნაკლებად განვითარებული, ფორმით ნაპრალისებრი ან შეჭრილი კუთხისმაგვარი - ხშირად ქვედა ამონაკვეთები სულ არ არის გამოსახული. ყუნწის ამონაკვეთი დახურული, ჩანგი ან თაღისებური. კბილები ცალგვერდგამოზნექილი, ხერხისკბილისებრ მოხრილი ან მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი. ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელი, შედგება აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან, რომლის ქვეშ მოფენილია საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი ბუსუსი. ყუნწი გლუვი, იშვიათად აბლაბუდისებრ შებუსული და ფერით მოწითალო-ღვინისფერი. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან საშუალოზე პატარა ზომის (13X7სმ), წონა 60-80 გ. ფორმით ცილინდრულ–კონუსური. ხშირად მხრიანი, იშვიათად დატოტვილი. საშუალო სიმკვრივის და თხელი, იშვიათად - მკვრივი. ყუნწი ბალახისებრია. რქასთან მიმაგრების ადგილზე ხევდება და მოყვითალო მიხაკისფერს იღებს. სიგრძე დაახლოებით 3,0–7,0სმ. მარცვალი: მუქი იისფერია, თითქმის შავი. საშუალო სიდიდის (1,65X1,28 სმ). ოვალური ფორმის, ხშირად მოგრძო, ბოლო განიერი, ყუნწისაკენ შევიწროებული. კანი თხელია, მაგრამ საკმაოდ მკვრივი, დაფარული სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რაც სიმწიფეში მუქ იისფერ შეფარვას აძლევს. რბილობი წვნიანი, მკვრივი, მარცვლები ადვილად არ ეცლება. წვენი უფერული, გემო ტკბილი, მეტად სასიამოვნო, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-27,0%, მჟავიანობა 5,0-7,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2-1,6. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მუჯურეთულიდან და ალექსანდროულიდან დამზადებული ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო 'ხვანჭკარა' მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ინტენსიურად შეფერილია, მუქი ლალისფერი და გამჭვირვალეა. ხასიათდება თავისებური არომატით, სიტკბოთი და ნაზი, ჰარმონიული გემოთი, რომელშიც კარგად იგრძნობა ალუბლის ტონები. ჯიშური ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ჰარმონიულობით და არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: გვალვის კარგი ამტანი ჯიშია. შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს. ჭრაქის მიმართ სუსტი გამძლეობა ახასიათებს. კარგად ვითარდება რაჭა-ლეჩხუმის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგებზე, თუმცა შედარებით უკეთ - ალუვიურ დ კირნარ ნიადაგებზე. ხასიათდება საშუალო ზრდის სიძლიერით. დღევანდელი მდგომარეობა: რეგიონალურად გავრცელებული ჯიშია, ძირითადად ალექსანდროულთან ერთად. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 227-232. მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 9-12. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, მე-2 გამოცემა. სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 483-485. Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze D., Rustioni L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239. ავტორი: დავით მაღრაძე