საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მცვივანი ადრეული


ჯიშის სახელწოდება: მცვივანი ადრეული სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით, ფერი მორუხო-თეთრია. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია, ფერად მწვანეა,ქვედა მხრიდან - მორუხო თეთრი ფერის. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა.მომგვალო ფორმის, ხშირად ოვალურისკენ იხრება.უმეტესად სამნაკვთიანი. ფოთლის ზედაპირი აბლაბუდისებურად დანაოჭებული, ფოთლის ფირფიტის ზედაპირი სწორი ან ოდნავ მოხრილია.ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მომგვალო - ჩანგისმაგვარია. ზედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად შეჭრილი კუთხისმაგვარია ან ლანცეტისმაგვარი, იშვიათად დახურული და ოვალურთვლიანი. ქვედა ამონაკვეთის ფორმა უმეტესად შეჭრილი კუთხისმაგვარია, იშვიათად დახურული კვერცხისებრთვლიანი. მთავარი კბილების ფორმა მახვილწვეროიან სამკუთხედისმაგვარია, გვერდითი კბილების ფორმა ხერხის კბილის მსგავსი ცალგვერდგამოზნექილი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელი აბლაბუდისმაგვარი ბუსუსებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის, სიგრძე 10-18 სმ, სიგანე 4-8 სმ. უმეტესად საშუალოდ კუმსი. ფორმა კონუსური და ცილინდრულ-კონუსური. უმეტესად მხრიანი. წონა მერყეობს 150-200 გ ფარგლებში. მარცვალი: მოყვითალო ფერისაა. ზომა საშუალო, სიგრძე 1,5-1,75სმ, სიგანე 1,35-1,55სმ, ფორმა -მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. კანი თხელი და გამჭირვალე, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი. წვენი უფეროა, ჯიშური არომატი სუსტადაა გამოსახული, გემო ოდნავ მწკლარტეა, მაგრამ ტკბილი და სასიამოვნო. წიპწების რაოდენობა ნაყოფში 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,5-18%, მჟავიანობა 5,5-6,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 8.0-8,5 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,0-1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: იძლევა საშუალო ღირებულების სუფრის თეთრ ღვინოს, რომელიც მსუბუქია, საშუალოსხეულიანი, გემო ჰარმონიული, ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ საშუალო გამძლეობა ახასათებს, უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები.  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 302-309. Табидзе Д. И., Мцвивани адреули,В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва, 1965, Стр 435-437. ავტორი:  შენგელი კიკილაშვილი