საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

საფერავი ფაჩხა


ჯიშის სახელწოდება: საფერავი ფაჩხაsaferavi-fachxa სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და გაუშლელი პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებურად, ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები (4-6) ზედა მხრიდან შეუბუსავია და მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, ქვედა მხრიდან ინარჩუნებს შებუსვას. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა. უფრო ხშირად ოვალური ფორმისა. ხუთნაკვთიანი. ზედაპირი ბადისებურად დანაოჭებულია. ფოთლის ფირფიტა ძაბრისებურად მოხრილი. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა მსხვილფუძიანი თაღისმაგვარია.ზედა ამონაკვეთი ღრმაა, იშვიათად ძალიან ღრმა, ამონაკვეთის ფორმა ძირითადად კვერცხის ან სამკუთხედისმაგვართვლიანი. ფუძე იშვიათად ცალკბილიანია. ქვედა ამონაკვეთი ხშიარად ნაკლებ ღრმაა. ამონაკვეთის ფორმა ხშირად შევიწროვებულყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად ცალკბილიანი. მთავარი კბილების ფორმა მახვილწვეროიანი, გამოზნექილგვერდებიანია. გვერდითი კბილები ცალმხრივგამოზნექილია. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალოდ, იგი აბლაბუდისმაგვარი ბეწვით და გრძელი, დახრილი საშუალო სისქის ჯაგრისმაგვარი ბუსუსებისგან შედგება. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა, სიგრძე 13-22სმ, სიგანე 9-13სმ. ხშირად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, უმეტესად მხრიანი. საშუალო სიკუმსის. მტევნის საშუალო წონაა 100-300გ. მტევანში მარცვლების რაოდენობა  78-134 ცალია. მარცვალი: მუქი ლურჯი ფერისაა - თითქმის შავი. საშუალო ზომის, სიგრძე 1,4-1,6სმ,  სიგანე 1,3-1,5სმ. მომგვალო ფორმის. კანი თხელია, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი ძალზე წვნიანია. გემო მარტივი, ჯიშური არომატი სუსტადაა გამოსახული, მარცვალი მჭიდროდაა მიმაგრებული ყუნწს.   წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-19%, მჟავიანობა 7-10 გ/ლ. მოსავლიანობა:  6,4 - 7,7 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: იძლევა სუფრის წითელ ღვინოს, რომელიც არის მკვეთრად შეფერილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ნაკლებ ჰარმონიული და ხალისიანი.
დამატებითი ინფორმაცია: კარგად უძლებს სოკოვან  დაავადებებს - განსაკუთრებით გამძლეა ნაცრის მიმართ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 399-405. Табидзе Д. И.,Саперави пачха, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат” Москва, 1966, Стр. 84-87. ავტორი:   შენგელი კიკილაშვილი