საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

წნორის თეთრი


ჯიშის სახელწოდება: წნორის თეთრი სინონიმი: უცნობია წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: წვერი გვირგვინითა და პირველი ორი-სამი ჯერ კიდევ კარგად გაუშლელი ფოთოლაკებით შეუბუსავია, მომწვანო-მოყვითალო ფერისაა და გარშემო ნარინჯისფერი ზოლი აქვს შემოვლებული. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო და დიდი ზომისაა (14-16სმ), ოვალური ფორმის, გვხვდება მომრგვალო ფორმის ფოთლებიც. სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ზედა ამონაკვეთები საშუალო, დახურული. ქვედა ამონაკვეთები პატარა, ღია, ჩანგისებური. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, თაღისებური ფორმის. ფოთლის ზედაპირი მცირედაა დანაოჭებული, მუქი მწვანეა. ქვედა მხარე შეუბუსავია. კიდეები დაკბილულია სამკუთხედისებური კბილებით. ყუნწი მთავარ ძარღვზე მოკლეა, შეუბუსავი და ღია ვარდისფერი შეფერვისაა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომისაა (20X10სმ), წონით 280-300გ. ცილინდრული ფორმის, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვლების რაოდენობა მტევანში საშუალოდ 180-200 ცალი. ყუნწის სიგრძე 2.0 სმ. მარცვალცვენა და წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. მარცვალი: საშუალო ზომისაა (1.8X1.6 სმ). მომრგვალო ან სუსტად ოვალური. მომწვანო-ყვითელი ფერის, მზის მხარეს მოწითალო ელფერით. კანი თხელი, ელასტიკურია, არ სცილდება რბილობს, დაფარულია სქელი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, კნატუნა. გემო სასიამოვნო, ჰარმონიული. მარცვალი ადვილად სცილდება ყუნწს. მარცვალში 1-3 წიპწაა, მუქი ფერის, წიპწის ნისკარტი მორმგვალოა, ღარი მკვეთრადაა გამოსახული. ყურძნის წვენი: შაქრინობა 18,0-22,0 %, მჟავიანობა 7,0-9,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე - სასუფრე. ღვინის დახასიათება: თეთრი სასუფრე და საკუპაჟე ღვინოა რქაწითელთან ერთად. ჯიშური ღვინოები მიიღება საკმაოდ მაღალი ხარისხის. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან-დაავადებათა მიმართ ახასიათებს საშუალო გამძლეობა. საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. რქის მომწიფება კარგია. ზრდის სიძლიერე საშუალოზე ძლიერი. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია. წყაროები: ქურთიაშვილი ო., ამბროსიძე გ., დათუაშვილი ნ., გიორგობიანი ნ., ჩიკვაიძე ლ. 2008. მცირედ გავრცელებული ვაზის კახური ჯიშების შესწავლის საკითხისათვის. წიგნში: ვაზისა და ხეხილის გენოფონდი საქართველოში. სამეცნიერო შრომების კრებული. რედ. მაღრაძე დ., მდინარაძე ი. თბილისი. მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა. გვ. 62-69; Табидзе Д., Цнорис тетри, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 3, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1966, стр. 394-395. ავტორი: დავით მაღრაძე