ოცხანური საფერე
ჯიშის სახელწოდება: ოცხანური საფერე
სინონიმი: უცნობი
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსულია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით და შეფერილია თეთრად, ფოთოლაკებსა და გვირგვინს გარს ავლია მკრთალი ვარდისფერი არშია. მეორე იარუსის ფოთოლაკების შებუსვა ზემო მხრიდან საგრძნობლად მცირდება და იღებს მომწვანო-ყვითელ ფერს, ბრინჯაოსფერი იერით, ხოლო ფოთლების ქვედა მხარე ძლიერი შებუსვის გამო მორუხო-თეთრი რჩება.
ზრდასრული ფოთოლი: სამ- ან ხუთნაკვთიანია. საშუალო ან საშუალოზე პატარაა (16X15 სმ), მუქი მწვანე. ფირფიტა გლუვია ან ბადისებრ-დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ღრმაა, მუდამ ღიაა. ქვედა ამონაკვეთები, უფრო ხშირად, არაღრმა, ღიაა. ყუნწის ამონაკვეთი ღია, უმეტესად თაღისმაგვარი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია, შედგება სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან და სქელი სწორმდგომი ჯაგრისებრი ბუსუსისაგან. კბილები ხერხისკბილისებრი, მოხრილი ვიწრო ან განიერი სამკუთხასებურია. ყუნწის სიგრძე ფოთლის მთავარ ძარღვის სიგრძეზე საგრძნობლად მოკლეა.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალოზე პატარაა (10X7 სმ), კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული, მხრიანი. მტევნის წონა დაახლოებით 100–120გ. კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მტევანში მარცვლები არათანაბარი ზომისაა, დამახასიათებელია აგრეთვე წვრილმარცვლიანობა. ბალახისებრი მტევნის ყუნწი ფუძესთან გახევებული და ღია მიხაკისფერია. ბალიში განიერი კონუსისებრი ფორმისაა. მარცვალი ყუნწზე საკმაოდ მჭიდროდ არის მიმაგრებული.
მარცვალი: მუქი იისფერი ან თითქმის შავია. წვრილია, ზოგიერთი აღწევს საშუალო სიდიდეს. მსხვილი მარცვლების ზომა 15,1X14,0 მმ-ს აღწევს. მრგვალი ან მომრგვალოა, კანი სქელი და მკვრივია, ადვილად სცილდება რბილობს, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი მკვრივი და წვნიანია. წვენი უფერული ან მოვარდისფროა. გემო ტკბილი, ჯიშური არომატი სუსტად იგრძნობა.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5 - 23,3%, მჟავიანობა 7,7–11,4 გ/ლ .
მოსავლიანობა: 7,0 – 8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5 -1,6.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: დგება კარგად შეფერილი, სრული, ხავერდოვანი, ჰარმონიული და სასიამოვნო გემოს მქონე მუქი წითელი ღვინო, მდიდარი სხეულით და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. იგი კარგად ინახება, უმჯობესდება დავარგებისას და სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით ხასიათდება. ალკოჰოლის შემცველობაა 10–12,5%. ქართული ღვინის კომპანიები აყენებენ ოცხანური საფერეს კარგ ჯიშურ ღვინოებს.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის ჯიშია. ფილოქსერისა და ჭრაქის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს, ხოლო ნაცრის მიმართ - მაღალს. ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო-წითელია და მონაცრისფრი იერი დაჰკრავს. მაღალი ხარისხის პროდუქციას იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ, ტყის კარბონატულ და ხირხატიან ყომრალ ნიადაგებზე.
დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად გავრცელებული ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 246-251.
Robinson J., Harding J., Vouillamoz J. Wine grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp. 756-757.
Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239.
ავტორი: დავით მაღრაძე