ტაგიძურა
ჯიშის სახელწოდება: ტაგიძურა
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაზრდა ფოთლები სქლად არის შებუსული ქეჩისებურად, მოთეთრო-ნაცრისფერია, კიდეებზე - მოწითალო-ვარდისფერი. ყლორტი ღია მწვანეა, მცირედ შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი განიერ-ისრისებურია, ოდნავ წამახვილებული ფუძით, იშვიათად ჩანგისებური. კბილები სამკუთხედისებური და ხერხკბილა-სამკუთხედისებურია მახვილი ან მომრგვალო წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, თხელი, საშუალო მასა შეადგენს 265,0 გ-ს.
მარცვალი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ
ოვალური, შავი ფერის, სქელკანიანი. რბილობი წვნიანია, ხორციანი, ჩვეულებრივი გემოსი. უმეტესად ორწიპწიანი.
მოსავლიანობა: 7,5 ტონა/ჰექტარზე (მაღლარად ფორმირების შემთხვევაში)
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა, სახელწოდებით „ტაგიძურის ღვინო“.
დამატებითი ინფორმაცია: ნაყოფი გამოიყენება აგრეთვე ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძნად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ადვილად ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 182-185;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 238;
Рамишвили М.А., Тагидзура, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 199-201.
ავტორი: ირმა მდინარაძე