ახარდანი
ჯიშის სახელწოდება: ახარდანი
სინონიმი: უჩახარდანი, ხარდანი
წარმოშობა: სამეგრელო, აფხაზეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი:
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-, ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური, მახვილი, იშვიათად მომრგვალო ფუძით, ზოგჯერ დეზით. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, კონუსური, ფრთიანი, კუმსი ან ძალიან კუმსი. საშუალო წონა - 150-160 გ.
მარცვალი: მუქი ლურჯი, საშუალო სიდიდის, მომრგვალო, ცვილით დაფარული. კანი თხელი, ადვილად სკდება და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანი, სასიამოვნო ცოცხალი გემოთი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0- 20,0 %, მჟავიანობა 8,0-9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0- 7,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების, სუფრის წითელი ღვინო, საშუალოდ ექსტრაქტული, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოსი.
დამატებითი ინფორმაცია: ახარდანს ახასიათებს ძლიერი ზრდა-განვითარება და კარგი მოსავლიანობა. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. შედარებით გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ. ჰგავს იმერულ ჯიშს სამჭაჭას.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 222.
Табидзе Д. И., Ахардан. В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва,1963,Том I, ст. 166-167.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე