ჩიტისთვალა კახური
ჯიშის სახელწოდება: ჩიტისთვალა კახური
სინონიმი: ჩიტისთვალა
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინითა და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკით შებუსულია სქელ ქეჩისებურად, მომწვანო-თეთრი ფერისაა და ოდნავ მოღვინისფრო არშია აკრავს ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ. მეორე იარუსის ფოთოლაკების ზედა მხარე მცირე შებუსვის გამო მოყვითალო–მწვანე ხდება, მოღვინისფრო იერით, ხოლო ფოთოლაკების ქვედა მხარე შებუსულია და მორუხო–თეთრი ფერისაა, ვარდისფერი იერით ფოთლების ირგვლივ.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი ან თითქმის დაუნაკვთავი. ზომით საშუალო (19,5X20 სმ), მომრგვალო ან უფრო ხშირად განიერ-ოვალური. ფერით მუქი მწვანე. ზედაპირი წვრილი ბურთულებითაა დაფარული და ბადისებრ დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ცვალებადობს ღია ჩანგისებრიდან დახურულ თითისტარისებურ თვლიანამდე. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეული, ფორმით შეჭრილი კუთხისმაგვარი ან ვიწროყელიანი ჩანგისებრი. ქვედა ამონაკვეთები ოდნავ ღრმაა ან სულ არაა გამოსახული. ყუნწის ამონაკვეთი დახურული, ხშირად დეზიანი. ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სისქისაა, შედგება აბლაბუდისებრი ბეწვებითა და თხელი ჯაგრისებრი ბუსუსებით. ყუნწი გლუვი და შეფერილობით ბაცი ღვინისფერია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (17X8 სმ). წონით 120-160. ფორმით ცილინდრულ–კონუსური. მხრიანი, ხშირად მხრები მთავარი მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსის ან კუმსია. მარცვლების რაოდენობა მტევანში საშუალოდ 120–150. წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. ყუნწი მწვანეა, შუა ნაწილიდან ფუძისაკენ ხევდება და რქის ფერის ხდება. მარცვლის ყუნწი ღია მწვანეა, სიგრძით 5-6 მმ.
მარცვალი: მცირე ზომის (1,3X1,25სმ საშუალოდ), მომრგვალო, შუაში უფრო განიერი, ხოლო ბოლო მომრგვალებული აქვს. ფერით მომწვანო-ყვითელია. კანი თხელი, ადვილად სცილდება რბილობს, უხვად დაფარულია ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მას ნაზ, მორუხო იერს აძლევს. რბილობი საშუალო სიმკვრივის, ადვილად არ დნება და არც წიპწები ეცლება იოლად. წვენი ტკბილია, გემო ჰარმონიული კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. გადამწიფებისას მარცვლები ადვილად ჩამიჩდება. წიპწების როდენობა 1-4.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,3-22,8%, მჟავიანობა 5,0-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი:1,3-1,4.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინოა, ღია ჩალისფერი, თავისებური ჯიშური არომატით, აქვს ნაზი, ჰარმონიული გემო. მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს იძლევა კახური წესით დაყენების დროს, რომელიც ევროპულზე უფრო მეტი სხეულითა და არომატულობით ხასიათდება და უახლოვდება იყალთო-რუისპირის კახური ტიპის ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაოდ კარგი გამძლეობით ხასიათდება, ხოლო ფილოქსერის მიმართ - პირიქით. საშუალო ზრდისაა. ჩიტისთვალა, ჩვეულებრივ, მწვანესთან, ხოლო იშვიათად რქაწითელთან ერთად იყო გავრცელებული და მათთან ერთად იწურებოდა. უფრო იშვიათად ჩიტისთვალა ცალკე იყო გაშენებული და მისგან ჯიშურ ღვინოს აყენებდნენ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 342-347;
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 146-155;
ლოლაძე ვ., კახეთის საწარმოო ვაზის ჯიშების კლონები, მევენახეობა–მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები, ტ. 3, თბილისი, 1934;
Табидзе Д. И., Читиствала бодбури, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат” Москва, 1966, Стр. 454-455.
ავტორები: დავით მაღრაძე, შენგელი კიკილაშვილი