შავი ყურძენი
ჯიშის სახელწოდება: შავი ყურძენი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით შებუსულია აბლაბუდისებრად, ფერი თეთრი. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შეუბუსავია, ფერი მომწვანო-ყვითელია, ქვედა მხრიდან - მოვერცხლისფრო-მოთეთრო.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (18,5X17,5სმ), ოვალური ფორმის. ხუთნაკვთიანი. ფოთლის ფირფიტის ზედაპირი უმეტესად ბადისებრ დანაოჭებულია. ყუნწის ამონაკვეთის ფორმა ხშირად მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი. ზედა ამონაკვეთის ფორმა უმეტესად ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად ოვალური ან კვერცხისმაგვარი თვლით, დახურული. ქვედა ამონაკვეთის ფორმა ძირითადად მომრგვალო ან ვიწროყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად დახურული კვერცხისმაგვარი. მთავარი კბილების ფორმა ხშირად გამოზნექილგვერდებიანი სამკუთხედის მსგავსია, გვერდითი კბილების ფორმა მახვილწვეროიანი, გამოზნექილგვერდებიანი ვიწრო სამკუთხედისმაგვარი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისმაგვარი ბეწვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის, სიგრძე 14-18სმ, სიგანე 10-13სმ. განიერკონუსური ფორმის, მხრიანი. საშუალოდ კუმსი. წონა, საშუალოდ, 120-240გ. მარცვლების რაოდენობა 70-260 ცალი.
მარცვალი: მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. საშუალო ზომის - სიგრძე 1,6-1,9სმ, სიგანე 1,5-1,7სმ. მომრგვალო ფორმის. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი ოდნავ მკვრივია, მდნადი. მარცვალი ყუნწზე მჭიდროდ არაა მიმაგრებული. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1- 4 ცალი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-20%, მჟავიანობა 5-7 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,1.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: იძლევა საშუალო ღირებულების სუფრის ღვინოს, რომელიც მუქი ვარდისფერია, მცირესხეულიანი, სუსტად გამოსახული არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებების მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება - ჭრაქის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოზე მაღალია, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალო.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ 379-385.
Табидзе Д., И. Шави курдзени,В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 3, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат” Москва, 1966,Стр 493-495.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი