საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მელიკუდა


ჯიშის სახელწოდება: მელიკუდაmelikuda სინონიმი: ფართალა, პარტალა, ჭვარტალა, მუშკამბალი, მელიკუდი, მელიკუდა. წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახლგაზრდა  ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი თითქმის შიშველია. შეფერილია ღია მწვანედ, ბორდოსფერი ლაქები და არშია გასდევს. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. მომრგვალო. საშუალოზე დიდი ზომის (სიგრძე 16–18სმ, სიგანე 15–17სმ).ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებული, ზედა ამონაკვთები ღრმა და დახურულია, ფორმით ვიწრო ელიფსური. ქვედა ამონაკვთები ხშირად შეუმჩნეველი, ფორმით ნაპრალისებრი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტად შებუსული. მთავარი ძარღვები ბოლოვდება მაღალი სამკუთხა, ოდნავ გვერდებამოზნექილი ფორმის მახვილწვერიანი კბილებით. გვერდითი კბილებიც ასეთივე ფორმისაა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: დიდი (სიგრძე 18–22სმ, სიგანე 15–17სმ). დატოტვილი, კონუსური. მეტწილად საშუალო სიკუმსის. წვერისკენ შესამჩნევად წაგრძელებული. საშუალო წონა  220–260გ. მარცვალი: მომწვანო-მოთეთრო.დიდი ზომის (სიგრძე 14–18 მმ, სიგანე 14–18 მმ). ოვალური ან მომრგვალო. რბილობი წვნიან-ხორციანი, მცირედ კნატუნა. სასიამოვნო გემოსი, ჯიშური არომატი არ იგრძნობა. ყურძის წვენი: შაქრიანობა  16,5–18,5%, მჟავიანობა 6,5–8,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 11,0–13,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: მზადდება ჩალისფერი და ხალისიანი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის საღვინე ჯიშია. სოკოვანი დაავადებების, ჭრაქისა და ნაცრის მიმართ  მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ავადდება ნაცრით. ჯიში ძველად საკმაოდ გავრცელებული ყოფილა საქართველოს მრავალ კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებით. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 97–104. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ტ. 2, თბილისი,  1934, გვ. 466, 534–535. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი