წითლანი
ჯიშის სახელწოდება: წითლანი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: გურია

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი სქლად არის შებუსული მოთეთრო-ნაცრისფერი ბეწვისებური ბუსუსით და მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ყლორტი საკმაოდ შებუსული მონაცრისფრო ბუსუსით, შებუსვა ძლიერდება ყლორტის წვერისკენ.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო სიდიდისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებური, თანასწორგვერდიანი, მომრგვალო, იშვიათად ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებით და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. მთავარი ძარღვები ღია მწვანეა, მცირედ არის შებუსული.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი, საშუალო მასა - 150,0 გ.
მარცვალი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი, მცირედ დაფენილი ცვილით. კანი მკვრივია. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოსი. წვენი უფერულია. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,5-19,0 %, მჟავიანობა 9,5-10,0 გ/ლ.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინო, საკმაოდ სასიამოვნო, მომატებული, მაგრამ სასიამოვნო მჟავიანობით.
დამატებითი ინფორმაცია: ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა.ძლიერ ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 101-103;
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 245;
Рамишвили М.А., Цитлани, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 388-389.
ავტორი: ირმა მდინარაძე