ჭუმუტა
ჯიშის სახელწოდება: ჭუმუტა
სინონიმი: ჯუმუტა, ჯუმუტაი
წარმოშობა: გურია
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია, მოთეთრო ფერისაა მოწითალო ელფერით. ახალგაზრდა ფოთლები ღია მწვანეა, კიდეებზე ღია წითელი ფერის, სქლად არის შებუსული თეთრი ფერის ბუსუსით, ქეჩისებურია. ყლორტი ღია მწვანე, შებუსული აბლაბუდისებრი ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-, ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებურია მახვილი ან მომრგვალო ფუძით, ზოგჯერ დახურულია, ერთმანეთზე მცირედ გადადებული ნაკვთებით და ელიფსური ან კვერცხისებური ფორმის ამონაკვეთით, მახვილი ან ბრტყელი ფუძით. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური და სამკუთხედისებურია მცირედ ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია აბლაბუდისებრი მონაცრისფრო ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან ძალიან კუმსი, ზოგჯერსაშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 100,0-190,0 გრამს.
მარცვალი: საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი-შავ ფერში გარდამავალი, უხვად დაფენილი ცვილით, სქელკანიანი, კანი მკვრივია და ძნელად ეცლება რბილობს. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანი, მეტად სასიამოვნო და ჯიშური არომატით მდიდარი გემოთი. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-20,0 %, მჟავიანობა 9,0-9,6 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0-7,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ღვინო ხასიათდება სპეციფიკური, ლამაზი, ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობითა და კარგი გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ჭრაქით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 87-90;
რამიშვლი მ., 1986. ამპელოგრაფია. გამომცემლობა „განათლება“. გვ. 513-515.
Рамишвили М.А., Чумута, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв.ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва, Том III,1966,Ст. 480-483.
ავტორი: ირმა მდინარაძე