საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქიშური


ჯიშის სახელწოდება: ქიშური qishuri სინონიმი: ქიშურა, თეთრი ქიშურა წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი გაშლილი ფოთოლაკი ძლიერ შებუსულია ორივე მხარეს მოთეთრო–მოვერცხლისფრო ბუსუსებით. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. მომრგვალო. მცირე ან საშუალო ზომის (სიგრძე 12–13სმ, სიგანე 13–14სმ). ფირფიტა სწორმდგომი. ზედაპირი მსხვილბურთულებიანი. იშვიათად გლუვი. დანაკვთული ძლიერ.  ზედა ამონაკვთები ღრმა, უფრო ხშირად ღია, პარალელურგვერდებიანი, მომრგვალო ან წამახვილებული ფუძით. ქვედა ამონაკვეთები ღრმა და ღიაა, ასიმეტრიული, ნაპრალისებრი მომრგვალო ან წამახვილებული კუთხით. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია. ქვედა მხარე მცირედ შებუსულია აბლაბუდითა და ჯაგრისებური ბუსუსებით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება დაბალი, განიერფუძიანი, გუმბათისებრი წვეროებმომრგვალებული კბილებით. გვერდითი კბილები მცირე ზომისაა, მეტწილად გუმბათისებრი, საშუალო სიგანის ფუძით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: მცირე ზომისაა (სიგრძე 9–12სმ, სიგანე 5–8სმ). კონუსური, მხრებიანი, იშვიათად უფორმო, მეტწილად საშუალო სიკუმსის. გვხვდება კუმსი და მეჩხერიც. საშუალო წონა  130–140  გრამი. მარცვალი: თეთრი. საშუალო ზომის (სიგრძე 14–17მმ, სიგანე 10–14 მმ). ოვალური ან წაგრძელებული ფორმის, იშვიათად უკუკვერცხისებური. რბილობი ხორციანია, კნატუნა, სასიამოვნო გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0–22,0 %, მჟავიანობა 5,5–6,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 5,0–6,0  ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 0,9-1,0. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევა ადგილობრივი მოხმარების საადრეო სასუფრე ყურძენს.
დამატებითი ინფორმაცია: ნაცრისადმი მგრძნობიარეა, ხოლო ჭრაქისადმი და აბლაბუდიანი ტკიპის მიმართ საშუალო გამძლეობით ხასიათდება. ჯიში ნაკლებად გავრცელებული იყო ძირითადად გორის, ლენინგორის (ახლანდელი ახალგორის), ცხინვალისა და მცხეთის რაიონებში. მის წარმოშობას უკავშირებენ კარგად ცნობილ ქიშის ხეობას (ჯავახიშვილი, 1934). იგი ყურადღებას იმსახურებს, როგორც საადრეო სიმწიფის სასუფრე ყურძნის ჯიში. ქიშური შედარებით უხვ და ხარისხოვან პროდუციას ზღვის დონიდან 700–900 მეტრზე იძლევა. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, ტ.2, თბილისი, 1934, გვ. 538; კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ.112–119; Табидзе Д.И., Кишури, Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, т-2. Пищепромиздат,Москва,1965,Ст. 151-153. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი