ბათომურა
ჯიშის სახელწოდება: ბათომურა
სინონიმი: ბათომის ყურძენი
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი პირველი ფოთოლები ღია მწვანეა მოწითალო ელფერით, შებუსულიმონაცრისფრო-თეთრიაბლაბუდისებური ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე, მზიანი მხრიდან მოწითალო-იისფერი.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, ფორმით მომრგვალო, იშვიათად განივ-ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული - თითქმის მთლიანი. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და ჩანგისებური, ბრტყელი ფუძით, იშვიათად ფუძე შემოსაზღვრულია ძარღვით, ზოგჯერ ისრისებურია, ღრმად ჩაჭრილი და თანასწორგვერდიანი. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებურია მახვილი წვერით, ზოგჯერ ამოზნექილი გვერდებითა და მომრგვალო წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე მცირედ არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. მთავარი ძარღვები შეუბუსავია.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 82,0-122,0 გრ-ს.
მარცვალი: საშუალო ზომის ან საკმაოდ დიდი, ოვალური, მუქი წითელი ფერის, მცირედ დაფენილი ცვილით, სქელკანიანი. რბილობი საკმაოდ წვნიანი,ხორციანი, სასიამოვნო, ტკბილი გემოსი. წიპწების რაოდენობა - 1-4.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0 %, მჟავიანობა 8,0-9,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 4,5-4,8 ტონა/ჰექტარზე.
სამეურნეო მიმართულება: სასუფრე.
სასუფრე ყურძნის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი. გაზაფხულამდე ინახება და ტრანსპორტაბელურია.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ნაცრით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948, გვ. 186-189;
Рамишвили М. А., Батомура. В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищепромиздат,Москва, 1963, Том I, Ст. 190-192.
ავტორი: ირმა მდინარაძე