მირზაანული
ჯიშის სახელწოდება: მირზაანული
სინონიმი: მირზაანის თეთრი
წარმოშობა: კახეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და გაუშლელი პირველი სამი ფოთოლაკი შებუსულია სქელი აბლაბუდისებური ბუსუსებით, ფერი მორუხო-თეთრია. მეორე იარუსის ფოთლების ზედა მხარეს შებუსვა მცირეა და ფერი მომწვანო-ყვითელი ხდება. ქვედა მხარეს შებუსვა შენარჩუნებულია აქვს, ფერი მოვერცხლისფრო-თეთრი.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა (18X17სმ). მომგვალო, თუმცა ხშირად ოვალური ფორმისაკენ იხრება. უმეტესად ხუთნაკვთიანია. ფოთლის ზედაპირი გლუვი ან აბლაბუდისებურად დანაოჭებული. ფოთლის ფირფიტა სწორი ან არათანაბარი კონფიგურაციის. ყუნწის ამონაკვეთი ფორმა ცვალებადია - გვხვდება როგორც დახურული ელიფსისმაგვარი, ასევე ღია მსხვილფუძიანი, ჩანგისმაგვარი ფორმისა. ფოთლის ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისაა, იშვიათად ღრმაც, ამონაკვეთის ფორმა ძირითადად ჩანგისმაგვარია და შევიწროებულყელიანი, ასევე ცალკბილიანი. ქვედა ამონაკვეთი ნაკლებ ღრმაა, ამონაკვეთის ფორმა უმეტესად შეჭრილი კუთხისმაგვარი, იშვიათად ჩანგისმაგვარია, თითქმის პარალელურგვერდებიანი. ფოთლის მთავარი ძარღვები მომგვალებურწვეროიანი ან მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით ბოლოვდება. გვერდითი კბილები მახვილწვეროიან სამკუთხედისმაგვარი ფორმისაა. ფოთოლი ქვედა მხარეს შებუსულია საშუალო სისქის აბლაბუდისმაგვარი ბეწვით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, სიგრძე
13-22სმ, სიგანე 9-15სმ. მტევნის საშუალო წონა 120-300გ. ფორმა კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური. უმეტესად მხრიანი, კუმსი. მარცვლების რაოდენობა მტევანში - 80-200 ცალი.
მარცვალი: საშუალო და საშუალოზე მსხვილი, სიგრძე 1,6-2,2სმ, სიგანე 1,5-2სმ. ფორმა მომგვალო ან ოდნავ ოვალური. ფერი მომწვანო-ყვითელი. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი. ადვილად სცილდება რბილობს, რბილობი მკვრივი და წვნიანია. წიპწების რაოდენობა მარცვალში 1-4.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 14,0-16,5%, მჟავიანობა 6-7 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,1-10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5-1,6.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: იძლევა სუფრისმშრალ ღვინოს. ღვინო ხასიათდება ღია ჩალისფერით, სუსტად გამოსახული ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი, მცირესხეულიანობით.
დამატებითი ინფორმაცია: საშუალოდ გამძლეა სოკოვანი დაავადებების მიმართ - შედარებით უკეთ უძლებს ჭრაქს, ვიდრე ნაცარს.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ჩოლოყაშვილი ს., მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი მე-2, ამპელოგრაფია, თბილისი, 1939.
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 285-291.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 250.
Табидзе Д. И., Мирзанули, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда,Том 2, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат”, Москва, 1965,Стр. 373-375.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი