კაპისტონი თეთრი
ჯიშის სახელწოდება: კაპისტონი თეთრი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: იმერეთი

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინითა და პირველი ფოთოლაკი ორივე მხრიდან შებუსულია ქეჩისებრი ბუსუსით და მორუხო თეთრია, დაჰყვება მკვეთრი მოვარდისფრო არშია გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის (3,4) ფოთლები კარგავს ზემო მხრიდან შებუსვას და იღებს მომწვანო-მოყვითალო ფერს მოვარდისფრო იერით, ხოლო ქვემო მხრიდან საკმაოდ სქელი შებუსვის გამო ინარჩუნებს მოვარდისფრო იერის მორუხო თეთრ შეფერვას.
ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომისაა (18X19სმ), მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მწვანე ფერის. მისი ზედაპირი შედარებით სწორია. ზედა ამონაკვეთების სიღრმე საშუალოა, უფრო ხშირად ღია ჩანგისმაგვარი ფორმის. ქვედა ამონაკვეთები ზედაპირულია, შეჭრილი კუთხისებრი ფორმის. ყუნწის ამონაკვეთი, ჩვეულებრივ, ღია, ღრმა და განიერი, აღენიშნება კბილის არსებობა. კბილები სამკუთხედისებური, ცალგვერდგამოწეული და მახვილწვერიანია. ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია. ყუნწი მოწითალო ღვინისფერია.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა (15X10სმ). უფრო ხშირად მხრიანი, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმისა. ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქის ფერია, მწვანე. ბალიში ვიწრო კონუსისებური ფორმისაა და დაფარულია მორუხო ფერის ხორკლებით. მტევნის საშუალო წონაა 80-100 გ.
მარცვალი: მომწვანო-ყვითელია, მზის მხარეს - მოქარვისფრო-ყვითელი, საშუალო სიმსხოსი; (1,75X1,68სმ). ფორმით მომრგვალოა, იშვიათად ოდნავ ოვალური. კანი თხელია და საკმაოდ მკვრივი, დაფარული თხელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი ოდნავ მკვრივია და მდნადი. წვენი უფერული, გემო ტკბილი სასიამოვნო, ჯიშური არომატი სუსტად არის გამოსახული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 23%, მჟავიანობა 8,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 6,0-7,0 ტ/ჰა; მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,6.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ძირითადად იყენებენ შუშხუნა თეთრი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება ნაზი გემოთი, სასიამოვნო სიხალისით და კარგად გამოსახული ბუკეტით სიძველეში. ადგილობრივი წესით დაყენებისას იგი იძლევა ნაზ, ჰარმონიულ, სასიამოვნო გემოს მქონე სუფრის ღვინოს, კარგად გამოხატული ბუკეტით.
დამატებითი ინფორმაცია: შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ნაცრის მიმართ, ხოლო ფილოქსერის მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა. საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: იშვიათად გავრცელებული ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 185-179.
Катарьян Т.Г. (Ред.), Каталог сортов ампелографических коллекций СССР, Изд-во Всесоюзного НИИ виноделия и виноградарства «Магарач», Ялта, 1962, с.168.
ავტორი: დავით მაღრაძე