საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ქისი


ჯიშის სახელწოდება: ქისიqisi სინონიმი: წობენურა, დამპალა წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი გაუშლელი ფოთოლაკი შებუსულია ყოველმხრიდან სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით და შეფერილია თეთრად. ბაცი ვარსდიფერი არშია შემოვლებულია ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ და ყუნწის გასწვრივ. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანიც გვხვდება. საშუალო ზომისაა (18,5X18,0 სმ). მომრგვალო, მუქი მწვანე ფერის. ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად წვრილბურთულებიანიცაა. ზედა ამონაკვეთები სუსტი და საშუალო სიღრმისაა, მათი ფორმა ცვალებადობს ღია ჩანგისებრიდან დახურულ ოვალურთვლიან ამონაკვეთამდე. ქვედა ამონაკვეთები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებად გამოსახულია, მომეტებულ შემთხვევაში ზედაპირული ან სულ არ არის განვითარებული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი ფორმის, აღინიშნება დეზების არსებობა. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებრია, საშუალო სისქის. ყუნწი ფოთლის მთავარ ძარღვზე მოკლე ან მისი სიგრძის ტოლია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (18X10სმ), წონა 120-160გ. უფრო ხშირად კონუსური ფორმის, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ მხრიანი. მხარის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მეტწილად საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად მეჩხერი ან კუმსი. ყუნწი (1,0-2,4სმ), გახევებულია და ღია მწვანე ფერის, რომელიც ფუძისაკენ მოწაბლისფრო ხდება. მარცვალი: მომწვანო-მოყვითალოა, მზისკენ მიქცეულ მარცვლებს ხშირად უჩნდება სიდამწვრის ყავისფერი ლაქები. საშუალოდ 1,75X1,54სმ ზომისაა. ოვალური, იშვიათად მომრგვალო, შუაში უფრო განიერი და ბოლომომრგვალებული. კანი თხელი აქვს, დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი საკმაოდ წვნიანი. გემო სასიამოვნო, ჰარმონიულობა და არომატი კარგადაა გამოხატული. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-24%, მჟავიანობა 6,6 - 10,8 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0–8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,2. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინო უდავოდ მაღალი ღირსებისაა. იგი კრიალაა. ევროპულად დაყენებული მოყვითალო ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. არომატი კარგადაა გამოსახული, ნაზი, სასიამოვნო, ხოლო გემო სრული, ჰარმონიული აქვს. კახურად დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა - იგი მუქი ჩალისფერია, კარგად გამოსახული ხილის სასიამოვნო არომატით, ნაზი, სრული, შინაარსიანი, გემო ჰარმონიული და ხავერდოვანი. მიიღება ძალიან კარგი ხარისხის სადესერტო ღვინოები.
დამატებითი ინფორმაცია: კარგად უძლებს გვალვას და ხასიათდება კარგი ყინვაგამძლეობით. ნაცრის მიმართ სუსტ გამძლეობას ამჟღავნებს. აქვს მიდრეკილება მარცვლების ობით დაფარვისაკენ, განსაკუთრებით წვიმიან შემოდგომაზე. მსხმოიარობის კოეფიციენტი საშუალოდ 1,2-ს შეადგენს. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 306-311; რამიშვილი მ., ამპელოგრაფია. სახელმძღვანელო უმაღლესი აგრონომიული სპეციალობის სტუდენტებისათვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 399-401; Табидзе Д.И., Киси, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда, Том 2, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, стр. 137-140. ავტორი: დავით მაღრაძე