მწვანე კახური
ჯიშის სახელწოდება: მწვანე კახური
სინონიმი: მწვანე, ნაბადა მწვანე, მჭკნარა
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ჯერ კიდევ გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკი ყველა მხრიდან შებუსულია სქელი ქეჩისმაგვარი ბეწვებით, დაჰყვება თეთრი, სუსტი ვარდისფერი არშია ფოთოლაკების ირგვლივ და ყუნწის გასწვრივ. მეორე იარუსის ფოთლები ზედა მხრიდან შებუსულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვებით, აქვს მოყვითალო- მწვანე ფერი მოვარდისფრო იერით, ხოლო ფოთლის ქვედა მხარეს - ქეჩისებრი შებუსვა და მოვარდისფრო - მორუხო - თეთრი ფერი.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთ-, შვიდნაკვთიანია. საშუალო ზომის (18–18,5 სმ), მუქი მწვანე, მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური. ფოთლის ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად წვრილბურთულოვანი. ზედა ამონაკვეთების სიღრმე სხვადასხვაგვარია - უფრო ხშირად საშუალო სიღრმის ან ღრმა ამონაკვეთები, ღია ან იშვიათად დახურული. ქვედა ამონაკვეთები მეტწილად ღია, უფრო ხშირად პატარა, ზოგჯერ საშუალო სიდიდის, ჩანგისებრი. ყუნწის ამონაკვეთი სახურული. ქვედა მხარის შებუსვა აბლაბუდისებრი. ყუნწი შეუბუსავი, იშვიათად მასზე შეიმჩნევა თხელი აბლაბუდისებრი ბეწვები, ღია ღვინისფერი.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომის (14X10,5 სმ), წონით 165-170 გ. განიერი კონუსური ფორმის. მხრიანი. ჩვეულებრივ, საშუალო სიკუმსის, მაგრამ იშვიათად მეჩხერიც. მტევანში საშუალოდ 118 მარცვალია. ყუნწი მწვანეა, ფუძესთან ხევდება და რქის ფერის ხდება. მარცვლების მიმაგრება ყუნწზე დამაკმაყოფილებელია.
მარცვალი: მოყვითალო-მწვანე ფერისაა. საშუალო ზომის (1,45X1,25 სმ). ოვალური, შუა წელში განიერია, ხოლო ბოლოში მომრგვალო. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს, ცვლისებრი ნაფიფქი საკმაოდ სქელია და ნაზ მომწვანო იერს აძლევს მარცვლებს. რბილობი წვნიანია და მდნარი, წვენი უფერული, ტკბილია და სასიამოვნო, მეტად ნაზი ჯიშური არომატით შემკული.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-22%, მჟავიანობა 6-8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,0-8,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,24-1,40.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრი ჯიშებიდან მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ასევე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინოები. იყენებენ სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებლად. შედის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის „მანავის“ (75% მწვანე კახური + 15% რქაწითელი) და „წინანდალის“ შემადგენლობაში (15%-მდე მწვანე კახური + 75% რქაწითელი). ღვინოს ახასიათებს ციტრუსის არომატი, ტროპიკული ხილის ტონები, მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და მჟავიანობა. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ევროპული ტიპისა და ქვევრის ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: კახური წამყვანი ჯიშებს შორის მწვანე ყველაზე ნაკლებად უძლებს ნაცარს, ხოლო ვაზის ჭრაქს - უკეთესად. საშუალო ზრდის სიძლიერის ჯიშია.
დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 238-245.
რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, მე-2 გამოცემა, სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1986, გვ. 361-363.
Robinson J., Harding J., Vouillamoz J. Wine grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp. 674.
ავტორი: დავით მაღრაძე