საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ცოლიკოური


ჯიშის სახელწოდება: ცოლიკოურიcolikouri სინონიმი: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კახიძის ცოლოკოური, კობახიძის ცოლიკოური. წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: დაწყებული გვირგვინიდან, მეორე, ზოგჯერ მესამე, ჯერ კიდევ გაუშლელ ფოთოლაკის ჩათვლით, შებუსულია სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით და აქვს მორუხო-თეთრი ფერი, სუსტი მოვარდისფრო იერით. მესამე ფოთოლაკიდან შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და ფოთოლაკები მომწვანო–მოყვითალო ფერის ხდება, მონარინჯისფრო იერის. ფოთლები ქვედა მხარეს სქელი ქეჩისებრ შებუსვას და მორუხო თეთრ ფერს ინარჩუნებს თითქმის მე-4–5 ფოთლამდე. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალოზე დიდი ზომისაა, ფორმით მომრგვალო (სიგრძე 18-22სმ, სიგანე 17-21სმ). ფირფიტა მთლიანი ან თითქმის დაუნაკვთავია. ზედაპირი გლუვი, იშვიათად ბადისებრ დანაოჭებული, მუქი მწვანე ფერის. ზედა ამონაკვეთები ჩანგისმაგვარი, იშვიათად კი ელიფსური ან შეჭრილი კუთხისმაგვარია. ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად განვითარებული, ზედა ამონაკვეთების მსგავსად არაღრმა. ყუნწის ამონაკვეთი ღია, მახვილფუძიანი, ფორმით შვილდისებრი ან ჩანგისმაგვარი. კბილები უფრო ხშირად ხერხისკბილებისებრ ცალგვერდგამოწეული სამკუთხედისებრია. ქვედა მხარე შებუსულია სქელი ქეჩისმაგვარი ბეწვებით. ყუნწი მოწითალო ღვინისფერია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის (სიგრძე 14-16სმ), წონა 140–160გ. კონუსური ან განიერ–კონუსური, ხშირად მხრიანია, მხრების სიგრძე ძირითადი მტევნის ერთი მესამედი ან ნახევარია. იშვიათად გვხვდება დატოტვილი უფორმო მტევნები. საშუალო სიკუმსისაა ან ოდნავ თხელი. ახასიათებს ნორმალურზე მეტი ყვავილცვენა. ყუნწი ბალახისებურია, ხევდება და იღებს მოყვითალო მიხაკისფერს. ბალიში კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ყავისფერი ხორკლებით. მარცვალი: საშუალო ზომისაა (სიგრძე 1,5–1,7სმ, სიგანე 1,45–1,65სმ). მომრგვალო, იშვიათად შეზნექილი ან ოდნავ ოვალური, სიმეტრიული, შუაში განიერი და ბოლომომრგვალებული. მომწვანო-ყვითელი, ყავისფერი ლაქები შეინიშნება მზისკენ მიქცეულ მხარეს. კანი სქელია, უხეში, და დაფარულია ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი მკვრივი, წვნიანი, გემო ტკბილი, სასიამოვნო. წიპწების რაოდენობა საშუალოდ 2. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,1-25%, მჟავიანობა 7,5-10,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 7,0-11,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,6-1,7. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ცოლიკოურიდან სამი ტიპის ღვინო მზადდება: იმერული, ევროპული და ბუნებრივად ნახევრადტკბილი,. მისი ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, ხასიათდება საკმაო სხეულით, შინაარსით და სიხალისით, სიძველეში უმჯობესდება, იძენს სინაზეს და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს. იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის შემაღლებულ ადგილებში ცოლიკოური აგროვებს სუფრის ღვინისათვის საკმარისი რაოდენობის შაქარს. შუა და ქვემო იმერეთის რაიონებში ის მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს და ღვინოც ამ რაიონებში უფრო სრული და ენერგიული დგება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად ინარჩუნებს საკმაო სიმჟავეს, რაც იძლევა მაღალალკოჰოლიანი, სრული, ენერგიული, საკმაოდ ხალისიანი ღვინის მიღების საშუალებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“ ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშის სპეციფიკური ზონიდან. ამ ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.
დამატებითი ინფორმაცია: ჭრაქის მიმართ მაღალ, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალო გამძლეობას იჩენს. ადვილად ეგუება გარემო ეკოლოგიურ პირობებს, რითაც აიხსნება ამ ჯიშის მასობრივი გავრცელება მთელ დასავლეთ საქართველოში. ძლიერი ზრდისაა. ყინვის მიმართ გამძლეობა შედარებით დაბალი. დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 364-371. რამიშვილი მ., ამპელოგრაფია, სახელმძღვანელო უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 415-418. ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1986, გვ. 249-251. Кварацхелия Ф.К., Западно-грузинские сорта винограда, Издание Сакарской опытной станции по виноградарству и виноделию, Кутаиси, 1936, стр. 9-11. Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე