ჟღია
ჯიშის სახელწოდება: ჟღია
სინონიმი: ხიტერი, ბჟღია(იმერეთი), აქლემისთვალა(საინგილო), მჟღრია(კახეთი)
წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი, გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკით, შებუსულია აბლაბუდისებურად, თეთრი ფერისაა. მეორე იარუსის ფოთლები(4-6) მომწვანო-მოყვითალო ფერისაა.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალოზე დიდი ზომისაა (20X18სმ), ოვალური, უმეტესად სამნაკვთიანი. ზედაპირი გლუვი ან აბლაბუდისებურად დანაოჭებულია, ფოთლის შუა ნაწილი წინაა წამოწეული და თითქმის ყოველთვის მახვილია - ეს ჯიშის დამახასიათებელი ნიშანია. ყუნწის ამონაკვეთი ხშირად ისრისმაგვარი მახვილფუძიანი ფორმისაა. ფოთლის ზედა ამონაკვეთი ძირითადად ზეზეურია, იშვიათად საშუალო სიღრმის, ხშირად ამონაკვეთის ფორმა ნაპრალის მსგავსი ან შეჭრილი კუთხისმაგვარია, იშვიათად - კვერცხისმაგვარი ფორმის, ცალკბილიანი. ქვედა ამონაკვეთი სუსტადაა გამოხატული და ზეზეურია, ამონაკვეთის ფორმა შეჭრილი კუთხისმაგვარი. გვერდითი კბილები ხერხისმაგვარი ცალგვერდგამოზნექილია. ფოთლის ქვედა მხარეს დაფარული საშუალო სისქის აბლაბუდისმაგვარი ბეწვით.
ყვავილი: ორსქესიანია.
მტევანი: საშუალო ზომისაა, სიგრძე 12-20სმ, სიგანე 7-12სმ. საშუალოდ მტევნის მასა 150-200გ. კონუსური ფორმის. მხრიანი. საშუალოდ კუმსი. მარცვლების რაოდენობა 120-150 ცალია.
მარცვალი: მუქი ვარდისფერი. საშუალო ზომის - სიგრძე 1,2-1,5სმ, სიგანე 1,16-1,40სმ. მარცვალი შუაში განიერი, ხოლო ბოლოში მომგვალო ფორმისაა. რბილობი წვნიანია. კანი თხელი. წვენი უფერული, გემო ოდნავ მომჟავო, ჯიშური არომატი არაა გამოხატული, წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1- 4 ცალის ფარგლებში.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16-17,5%, მჟავიანობა 7-8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 9,4-16,0 ტ/ჰა (თელავის პირობებში). მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,4.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: სუფრის ღვინოა, რომელიც ხასიათდება ვარდისფერი შეფერილობით, ალკოჰოლის დაბალი შემცველობით, სასიამოვნო გემოთი.
დამატებითი ინფორმაცია: შედარებით გამძლეა სოკოვანი დავადების მიმართ. გარემო პირობებს ადვილად ეგუება.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 391-398.
Табидзе Д. И., Жгиа, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные сорта винограда, Том 1, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство “Пишепромиздат”, Москва, 1963,Стрю 516-519.
ავტორი: შენგელი კიკილაშვილი