საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაბისტონი შავი


ჯიშის სახელწოდება: კაბისტონი შავიkabistoni-shavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი ფოთოლაკი შებუსულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი ბუსუსებით და შეფერილია თეთრად. ფოთოლაკების ქვედა მხარე უფრო ინტენსიურადაა შებუსული. გვირგვინსა და ფოთოლაკებს ირგვლივ ღია ვარდისფერი გადაჰკრავს. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვეთიანია, იშვიათად ხუთნაკვთიანიც. საშუალო სიდიდის (სიგრძე 16-19სმ, სიგანე 16,0-19, სმ), მრგვალი მოხაზულობის ან ოდნავ განიეროვალური. ფირფიტა მუქი მწვანე ფერის. ზედაპირი სწორი ან ოდნავ ბადისებრ დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები საშუალო სიღრმისაა, უფრო ხშირად დახურული. ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზედაპირული, ხანდახან სულ არ ვითარდება. ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად დახურულია, ვიწრო ელიფსური ფორმისა. ყუნწის ამონაკვეთში აღინიშნება კბილი. ფოთლის ფირფიტის ქვედა მხარე შებუსულია საკმაოდ ხშირი აბლაბუდისებური და ჯაგრისებური ბუსუსებით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ვიწრო კონუსისებრი ან ცილინდრულ-კონუსურია, ხშირად - მხრიანი. საშუალო სიკუმსის, იშვიათად მეჩხერი. საშუალო სიდიდის, წონა - 120გ, ზომა 16X6სმ. ყუნწი ფუძესთან გახევებულია და რქის ფერია. მარცვალი: საშუალო ზომისაა (1,5X1,4სმ), მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალურიც. მარცვალი შუაში განიერია, ბოლომომრგვალებული. შეფერვა - მუქი წითელი, სრულ სიმწიფეში თითქმის შავი. მტევანში მარცვლები არათანაბრადაა შეფერილი - მუქ წითელ მარცვლებთან ერთად შავი და ღია ვარდისფერი მარცვლებიცაა. კანი დაფარულია საკმაო სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რომელიც მას იისფერ იერს აძლევს. რბილობი წვნიანი, ოდნავ მკვრივი. წვენი უფერულია, სასიამოვნოდ ტკბილი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-22%, მჟავიანობა 6,0-10,3 გ/ლ. მოსავლიანობა: საშუალოდ 6,0-8,0 ტ/ჰა, ნაყოფიერ ნიადაგებზე - 8,0-10,0 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,85. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინო უფრო ხშირად ლამაზი წითელი ფერის ან მუქი ვარდისფერია, კარგად გამოსახული ჯიშური არომატით, სხეულითა და ჰარმონიული გემოთი. ძირითადად გამოცდილია სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: ზამთრის ყინვების მიმართ ჯიში შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. ჭრაქისა და ნაცრის მიმართ გამძლეობა საშუალოა. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიშია. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 180-184. მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა - მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 13-16. ავტორი: დავით მაღრაძე