ჩხუში
ჯიშის სახელწოდება: ჩხუში
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა

მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მომწვანო-მოწითალოა, ქეჩისებურად შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანე, მცირედ არის შებუსული მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებური ბუსუსით.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან დიდი ზომის, ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, საკმაოდ ღრმად დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ისრისებურია მახვილი ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია წამახვილებული წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე ძლიერად არის შებუსული, ქეჩისებურია.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: მცირე ან საშუალო ზომისაა ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ დატოტვილი, თხელია, იშვიათად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 126,0 გრამს.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, უხვად დაფენილი ცვილით. კანი საკმაოდ მკვრივია. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი გემოსი. წვენი შეუფერავი. ერთ-, ოთხწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,3 %, მჟავიანობა 9,5 გ/ლ.
მოსავლიანობა: 5,0-5,5 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: გამოიყენება ძირითადად კუპაჟში. მზადდება ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. ძლიერად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები, გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1948. გვ. 243-245.
ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 243.
Рамишвили М.А., Чхуши, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 487.
ავტორი: ირმა მდინარაძე