საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

გომის თეთრი


ჯიშის სახელწოდება:  გომის თეთრი სინონიმი: უცნობია წარმოშობა:  იმერეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი შებუსულია მოთეთრო-მონაცრისფრო ბუსუსებით.  ღია მწვანე შეფერვის, გარშემო ვარდისფერი არშიით. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის. მომრგვალო ფორმის. სამნაკვთიანი, საშუალოდ დანაკვთული. ზედაპირი გლუვი, იშვიათად წვრილბურთულებიანი. ზედა ამონაკვეთები საშუალო, ხშირად ღია თაღისებური პარალელური გვერდებით, ფუძეზე ერთი კბილით. ქვედა ამონაკვეთები ვიწრო და ღიაა. ყუნწის ამონაკვეთი  უფრო ხშირად დახურულია, თაღისებური ან ელიფსური ფორმისაა, იშვიათად ღია, მომრგვალო ფუძით. ქვედა მხარე სუსტად შებუსული. მთავარი ნაკვთების  დაბოლოება გამობერილგვერდებიანი და განიერი სამკუთხედისებრი. გვერდითი დაბოლოებაც ასეთივეა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა. კონუსური და ფრთიანი, აგებულებით კუმსი ან საშუალოდ კუმსი, მოკლე ყუნწით. საშუალო წონა 140–200გ. მარცვალი: საშუალო ან საშუალოზე მსხვილი. მრგვალი ფორმის. მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის. კანი თხელი, დაფარულია ნაფიფქით. რბილობი ხორციანი და წვნიანი, სასიამოვნო გემოსი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,3–22,0 %, მჟავიანობა 4,5–9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0–12,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე-საღვინე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: იძლევა ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენს. ღვინის დახასიათება: იძლევა საკუპაჟე მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საშუალო გამძლეობით გამოირჩევა. მცირედ იყო გავრცელებულია იმერეთის მევენახეობის ზონაში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: Мшвилдадзе М. Н., Гомис Тетри. Ампелография СССР, Малораспрастраненные сорта винограда, Том 1, Пишепромиздат, Москва, 1963, Ст. 360-361. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი