საწურავი
ჯიშის სახელწოდება: საწურავი
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: აჭარა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი სქლად არის შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით, კიდეებზე ღია წითელი ფერისაა. ახალგაზრდა ფოთლები ღია მწვანეა, კიდეებზე მოწითალო ელფერით, სქლად შებუსული აბლაბუდისებური ბუსუსით. ყლორტი ღია მწვანეა, მზიანი მხრიდან მოწითალო-იისფერი ელფერით, ძალიან მცირედაა შებუსული.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური, ხუთნაკვთიანი, ღრმად ან საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებრი, თთქმის პარალელური გვერდებით და მომრგვალო ან მახვილი ფუძით, ზოგჯერ ფუძეზე გვხვდება ერთი კბილი. კბილები სამკუთხედისებურია, ამოზნექილი გვერდებით და მომრგვალო ან მახვილი წვერით, იშიათად ხერხკბილა-სამკუთხედისებურია. ფირფიტის ქვედა მხარე უხვად შებუსული მონაცრისფრო, ბეწვისებური ბუსუსით.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ხშირად ორფრთიანია, იშვიათად - სამფრთიანი, კუმსია, ან საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა 290,0 გ-მდე.
მარცვალი: საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი ლურჯი ფერის, საკმაოდ სქლად დაფენილი ცვილით, თხელკანიანი. რბილობი მცირეხორციანი და მომეტებულწვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. წვენი შეუფერავია. უმეტესად ორწიპწიანია.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 17,0-18,0 %, მჟავიანობა 9,0-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 10,0-15,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო. ცალკე დაყენებული ღვინო ღია წითელი ფერისაა ან მოვარდისფრო, საკმაო ან საკმაოზე მცირე - ალკოჰოლიანი და ხალისიანი, ნაკლებსხეულიანი, მცირედ გამოსახული ჯიშური არომატით.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე ყურძნის წვენის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960.
რამიშვლი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 496-498.
Рамишвили М.А., Сацурави, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966,Том III, Ст. 102-104.
ავტორი: ირმა მდინარაძე