საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

შაბა


ჯიშის სახელწოდება: შაბაshaba სინონიმი:  ადრეულა, ადრიანი, ცანცქატა წარმოშობა:  ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი გაუშლელი ფოთოლაკი ორივე მხარეს შებუსული მოთეთრო–მოყვითალო ფერის ბუსუსებით, გარს ავლია მბზინვარე ბრინჯაოსფერი არშია. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. საშუალო ზომის (სიგრძე 14–16სმ, სიგანე 13–15სმ). მომრგვალო ფორმის. ზედაპირი წვრილბურთულებიანი. ზედა ამონაკვეთები ღრმა, ყრუდ დახურული ან კვერცხისებრი, ფუძეზე ხშირად ერთი კბილია. ქვედა ამონაკვთები შეუმჩნეველი ან შეჭრილკუთხისებრია, ფუძეზე ერთი კბილით. ყუნწის ამონაკვეთი ღია, ჩანგისებრი, ერთი რომელიმე მხარე დეზიანია. ქვედა მხარე ინტენსიურად შებუსული ჯაგრისებრი ბუსუსებით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება მახვილი სამკუთხედისებრი, ცალ მხარეს გადაზნექილი კბილებით. გვერდითი კბილები მახვილსამკუთხედისებრია, საშუალო ან მცირე ზომის მახვილი წვერით. ყვავილის სქესი:   მდედრობითი. მტევანი: მცირე ზომის (სიგრძე 6–10 სმ, სიგანე 4–7 სმ). ცილინდრული ან უფორმო. მეჩხერი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. საშუალო წონა 60–80 გრამი. მარცვალი: საშუალო ზომის (სიგრძე 11–14 მმ, სიმსხო 9–12 მმ). შეფერილია მოყვითალო-მწვანედ. კანი სქელი და საკმაოდ უხეშია, მწკლარტე. რბილობი წვნიანია, კანს ადვილად სცილდება. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-22,0 %, მჟავნიანობა 6,5–8,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 3,5–4,5 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: დანიშნულებად მიჩნეულია საბრენდე სპირტის გამოხდა.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა და მავნებლთა მიმართ მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ზიანდება ნაცრით და აბლაბუდიანი ტკიპით, ჭრაქისადმი საშუალოზე მეტ გამძელობას იჩენს. სრულ სიმწიფეში ხშირად მარცვლების ლპობა ახასიათებს. დაბალმოსავლიანია და შედარებით ადრე მწიფდება. აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის. სახელი „შაბა“ პ. ყანდურალოვის (1897) ცნობით მომდინარეობს სიტყვა „შაბისაგან“, ვინაიდან ამ ჯიშის ყურძენს სრულ სიმწიფეში შაბივით მომწკლარტო გემო აქვს. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყარები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 141–146; Кандуралов П., Сборник сведении по виногр. и винодел. на Кавказе,вип, VIII, Тифлис,1897,Стр. 40. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი