საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ოჯალეში


ჯიშის სახელწოდება: ოჯალეშიojaleshi სინონიმი: შონური, სვანური. წარმოშობა: სამეგრელო
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: მცირედ დაფარულია მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტის ცალი მხარე მწვანედაა შეფერილი, მეორე მხარე მოწითალო-იისფრად. ფირფიტის კბილები და ძარღვები ღია მომწვანოა. შებუსვა მეორე ფოთოლს ზემოდან საკმაოდ ემჩნევა, მესამეს კი მცირედ. ქვედა მხრიდან მათ ქეჩისებრი შებუსვა ახასიათებთ. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანია. სუსტად დანაკვთული. საშუალო ზომის (15,2X16,6სმ), ოვალური და თითქმის მომრგვალო. ფირფიტის ზედა მხარე წვრილი ბუშტისებრია ან ბადისებრ დანაოჭებული. მოყვანილობით ძაბრისმაგვარ-ღარისებრია. ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებური მონაცრისფრო ბუსუსით. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა და უცვლელი. ზედა ამონაკვეთი მცირედ, ხოლო ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი. კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანი. ყუნწი მცირედ დაფარულია ბუსუსით, ფერით მოწითალო-ღვინისფერია, ხოლო ფუძესთან იისფერში გადადის. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალოზე მცირე ზომის (სიგრძე 8–14 სმ, სიგანე 5–10 სმ), საშუალო წონა 112გ. ცილინდრულ-კონუსური, ხშირად ფრთიანი - ფრთის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსის. ყუნწის სიგრძეა 5–7 სმ. მტევანზე საშუალოდ 75 მარცვალია. მარცვალი: მუქი ლურჯია, თითქმის შავი. საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირე, ზომით 13,4X12,5მმ. ოდნავ ოვალური, შუაწელში განიერი, ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიული. მარცვალი საკმაოდ სქელკანიანი, კანი რბილობს ადვილად სცილდება. დაფარულია ნაფიფქით. საკმაოდ წვნიანია. არათანაბრად მწიფდება, რაც ოჯალეშის დამახასიათბელი ნიშან-თვისებაა. მარცვალში 1-4 წიპწაა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-24%, მჟავიანობა 8,5-9,2 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,1–4,7 ტ/ჰა. მსხმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,4. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი წითელი შეფერვა, ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა. სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად, ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელურობა. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს, რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი ღვინისათვის. ალკოჰოლი შეადგენს 13,4%-ს. ოჯალეში ძირითადად გამოყენებულია წითელი ნახვერად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად სამეგრელოში, მაგრამ ჯიშს მოეპოვება კარგი პოტენციალი წითელი, მშრალი ღვინოების დამზადებისათვის. ქართული ღვინის კომპანიები ამზადებენ ჯიშურ ღვინოს.
დამატებითი ინფორმაცია: ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ სუსტია - განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. რქის მომწიფება სრული. საკმაოდ მძლავრი ზრდა-განვითარებისაა მაღლარად ფორმირების, და საშუალო - დაბლარად ფორმირების შემთხვევაში. სამეგრელოში მწიფდება ნოემბრის შუა რიცხვებში. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრამდე ძლებს, ოღონდ ჭკნება. დღევანდელი მდგომარეობა: ლოკალურად გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 252-259. რამიშვილი მ., გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები, თბილისი, 1948, გვ. 134-139. Robinson J., Harding J., Vouillamoz J. Wine grapes. New York. HarperCollins Publisher. Pp. 745. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე