კუნძა
ჯიშის სახელწოდება: კუნძა
სინონიმი: კუმსი ყურძენი,კუმსა
წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი და ახალგაშლილი ფოთლები უხვადაა შებუსული მოთეთრო ფერის ბეწვისებური ბუსუსით, კიდეებთან ღია ვარდისფრიადაა შეფერილი. ყლორტი მცირედ შებუსული.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან ისრისებური, მახვილი ფუძით. ზოგჯერ დახურულია. კბილები ხერხკბილა-სამკუთხედისებური, იშვიათად ხერხკბილისებურია ცალმხარეს ან ორივე მხარეს ამოზნექილი გვერდებით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებურად არის შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. ძარღვების გასწვრივ შებუსვა ჯაგრისებური.
ყვავილი: ორსქესიანი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, განიერ-კონუსური ფორმის და ფრთიანი, ფრთის სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს, კუმსი ან ძალიან კუმსია, მტევნის საშუალო მასა 140,0-170,0 გრამამდე.
მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, ან ოდნავ ოვალური, ღია მწვანე ფერის, მოყვითალო ელფერით, სქელკანიანი. კანი ადვილად ეცლება რბილობს. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. უმეტესად ერთი-, ორწიპწიანი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20,0-22,0 %, მჟავიანობა 7,5-9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0-9,0 ტ/ჰა.მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5-2,0.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, კარგად დაწმენდილი, საკმაოდ სხეულიანი, კარგად გამოსახული ჯიშური არომატითა და სასიამოვნო მჟავიანობით.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხიანი საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. ნაკლებად ზიანდება სოკოვანი დაავადებებით.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960.
რამიშვლი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 350-352.
Деметрадзе В.С., Кварацхелия Ф.К., Кундза, В: Ампелография СССР, Малораспространенные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965, Том II, Ст. 234-237.
ავტორი: ირმა მდინარაძე