საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

მარგული საფერე


ჯიშის სახელწოდება: მარგული საფერე სინონიმი: მარგულა-საფერე წარმოშობა: იმერეთი
მოკლე აღწერა: ზრდასრული ფოთოლი: დიდი ზომის,სამნაკვთიანი, უფრო ხშირად თითქმის მთლიანი, მცირედ, იშვიათად კი საშუალოდ დანაკვთული. ყუნწის ამონაკვეთი ღიაა, ჩანგისებური ან თაღისებური, იშვიათად  ისრისებურია მახვილი ან მომრგვალო ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია ცალმხარეს ამოზნექილი გვერდით და ხერხკბილისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე სქლად არის შებუსული, ქეჩისებურია. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან დიდი ზომის, ცილინდრული, ფრთიანი და ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 140,0-160,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომის, მომრგვალო, იშვიათად ოვალური, მუქი ლურჯი ფერის, სქლად დაფენილი ცვილით. კანი მკვრივია, ადვილად ეცლება რბილობს. რბილობი წვნიანი, ჩვეულებრივი, ტკბილი გემოსი. წვენი ღია ვარდისფერი. უმეტესად ორი-, სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,7-22,2 %, მჟავიანობა 11,5-5,5 გ/ლ. მოსავლიანობა: 6,0-8,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება:  ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინო, ხარისხიანი, კარგად შეფერილი, ჰარმონიული გემოსი.
დამატებითი ინფორმაცია: გამოიყენება აგრეთვე კუპაჟში, როგორც ფერის მიმცემი. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა. დღევანდელი მდგომარეობა:  საკოლექციო ჯიში. წყაროები: ცერცვაძე ნ., საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1987, გვ. 232. Табидзе Д.И., Маргули сапере,В: Ампелография СССР, Малораспростране­нные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М., Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1965,Том II,Ст. 319-320. ავტორი: ირმა მდინარაძე