საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

რქაწითელი


ჯიშის სახელწოდება: რქაწითელიrqawiteli სინონიმი: დედალი რქაწითელი, მამალი რქაწითელი, კოროლიოკ, გრუზინსკი, ხანლუგ, ასლუნგ წარმოშობა: კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ჯერ კიდევ გაუშლელი პირველი ორი ფოთოლაკი შებუსულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვით, მორუხო–თეთრი ფერისაა და ოდნავ მოვარდისფრო არშია დაჰყვება გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მეორე იარუსის ფოთლები გაცილებით უფრო სუსტად შებუსულია, განსაკუთრებით ზედა მხრიდან. ეს ფოთლები მომწვანო-ყვითელია და ღია ბრინჯაოს იერი დაჰკრავს, ხოლო ფოთლების ქვედა მხარე მორუხო-თეთრი ფერისაა და მოვარდისფრო იერი ახლავს. ახალგაზრდა ყლორტი მუქი ღვინისფერია. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი, მეტწილად დაუნაკვთავი. მომრგვალო. საშუალო ზომის (19X18სმ). მუქი მწვანე შეფერილობის. ფირფიტა ბადისებრ დანაოჭებული ან წვრილბურთულებიანია. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად საშუალო სიღრმისაა. ქვედა ამონაკვეთები ნაკლებად განვითარებულია და ნაკვთის სიღრმის მიხედვით უფრო მცირედ ცვალებადობს. ყუნწის ამონაკვეთი ჩვეულებრივ ღრმაა, ღია, ჩანგისმაგვარი. კბილები ხერხკბილა სამკუთხედისებრი და ცალგვერდგამოზნექილი. ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია. ყუნწი შებუსულია და შეფერილია მთელ სიგრძეზე მოწითალო ღვინისფრად, რომელსაც მწვანე ზოლები ემჩნევა. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრულია. მხრიანი, ზოგჯერ მხარი იწყება მტევნის ყუნწის ფუძიდან, რის გამოც მტევანი ორმაგია, აკიდოსმაგვარია. საშუალო ზომის (16X8სმ), წონა 160–200გ. საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსი. ყუნწის სიგრძე 3-5სმ, სიმწიფისას ფუძესთან ხევდება და რქის ფერის ხდება. მარცვალი: მოოქროსფრო-ყვითელი, სრულ სიმწიფეში მეტად ლამაზი მოვარდისფრო იერით. საშუალო ზომის (სიგრძე 1,68–1,92 სმ, სიგანე 1,56–1,80სმ). ოვალური, შუა წელში განიერი, ხოლო ბოლო მომრგვალებული. კანი თხელი და მკვრივი, დაფარულია საშუალო სისქის ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი ხორციან-წვნიანი. წვენი უფერული. გემო სასიამოვნო და ჰარმონიული. წიპწების რაოდენობა 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 20-25%, მჟავიანობა 5,0-9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 10,0-12,0 ტ/ჰა (ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება მოიკრიფოს 18,0 ტ/ჰა). მსხმოიარობის კოეფიციენტი: 1,5. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: რქაწითელი „უნივერსალური“ ვაზის ჯიშია - იგი იძლევა სუფრის ევროპული და კახური, სადესერტო და შემაგრებულ ტიპის ღვინოებს; ღვინომასალას ბრენდისა და ცქრიალა ღვინოებისათვის. მარცვლის სასურველი წვნიანობა, წვენის მაღალი შაქრიანობა, საკმაო მჟავიანობა და სასიამოვნო არომატი განაპირობებს რქაწითლის ძირითად გამოყენებას სუფრის ღვინოების დასაყენებლდ. ღვინოს ახასიათებს თავისებური ხილის ბუკეტი, სინაზე, სიმსუბუქე, ჰარმონიულობა და სასიამოვნო გემო. კახეთის სხვადასხვა კუთხეში რქაწითლისაგან სხვადასხვა ტიპის ღვინოები მიიღება: ევროპული ტიპის ღვინოებიდან გამორჩეულია კონდოლის, წინანდლის, კისისიხევის, ქვემო ხოდაშნის, ვაზისუბნის და მუკუზნის თეთრი სუფრის ღვინოები - ცნობილი ღვინოა ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების „წინანდალი“, სადაც რქაწითელი კახურ მწვანესთან ერთად მონაწილეობს (75% რქაწითელი + 15% მწვანე კახური). საუკეთესოა ქვევრში დაყენებული რქაწითლის ღვინოები გურჯაანიდან, სიღნაღიდან და სხვა რაიონების ადგილებიდან.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ დამაკმაყოფილებელი გამძლეობისაა - ჩვეულებრივ, იგი ჭრაქს უკეთ უძლებს, ვიდრე ნაცარს. ზამთრის ყინვებს უდავოდ კარგად იტანს. ახასიათებს გარემო პირობებისადმი შეგუების კარგი უნარი. ყურძენს სასუფრე ყურძნადაც იყენებენ. იძლევა მაღალი ღირსების უალკოჰოლო წვენს. გამოვლენილია რქაწითლის ვარდისფერმარცვლიანი ვარიაცია, რომელიც 1948 წელს იქნა აღმოჩენილი ვ. ლოლაძის მიერ. დღევანდელი მდგომარეობა: ფართოდ გავრცელებული ჯიშია როგორც საქართველოში (პირველ ადგილზეა ვენახების ფართობის მხედვით), ისე აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 271-280. ლოლაძე ვ., კახეთის საწარმოო ვაზის ჯიშების კლონები, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები, ტ. 3, თბილისი, 1934. Tsertsvadze N. 2012. Georgia: native varieties of grape. In: Maghradze, D., Rustioni, L., Turok, J., Scienza, A., Failla O. (Eds). Caucasus and Northern Black Sea Region Ampelography. Vitis (special issue). Pp. 177-239. ავტორი: ლარისა ვაშაკიძე