საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

თქვლაფა შავი


ჯიშის სახელწოდება: თქვლაფა შავიtqvlafa-shavi სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი სქლად აბლაბუდისებურადაა შებუსული. შეფერილია მოთეთრო-მონაცრისფროდ, გარშემო აკრავს ბორდოსფერი არშია. ზრდასრული ფოთოლი: სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. საშუალო ზომის (სიგრძე 17–19 სმ, სიგანე 15–17 სმ). გულისებრი ფორმის, ხშირად შუა ნაკვთი მახვილკუთხა სამკუთხედისებრია და წინ გამოშვერილი. ფირფიტა სწორმდგომი. ზედაპირი გლუვი ან წვრილბურთულოვანი. ზედა ამონაკვეთები საშუალოა ან ღრმა. ქვედა ამონაკვეთები შეუმჩნეველი. ყუნწის ამონაკვეთი ისრისებური. ფოთლის ქვედა მხარე თხლად ან საშუალოდაა შებუსული გართხმული აბლაბუდისებური ბუსუსებით. მთავარი ნაკვეთები ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: კონუსური. მხრებიანი, ხშირად ფრთიანი. საშუალო სიკუმსის, მაგრამ გვხვდება კუმსი და მეჩხერი მტევნებიც. სიგრძე 14–17 სმ, სიგანე 8–12 სმ. საშუალო წონა 140–170 გ. მარცვალი: ოდნავ ოვალური, გვხვდება მომრგვალო ფორმისაც. სიგრძე 16–18 მმ, სიგრძე 15–17 მმ. შეფერილი შავად იისფერი ელფერით. რბილობი წვნიანი (ნამდვილი თქვლაფა). კანი თხელი. გემოთი ხალისიანი, დაბალი მჟავიანობით და შაქრიანობით, ჯიშური არომატი არ იგრძნობა. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 15,0-16,0 %, მჟავიანობა 9,0-11,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 13,0–15,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ღვინო სუსტია და ნაკლებად საინტერესო, ხოლო კუპაჟში წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება მაღალშაქრიან ჯიშებთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ, სხვა ჯიშებთან შედარებით, იგი საკმაო გამძლეობას იჩენს. უხვმოსავლიანი ჯიშია. ყურძენი მეტად წვნიანია და კალათაში ჩაწყობისთანავე მარცვალს წვენი გამოსდის - ამ თვისებაზე მეტყველებს ჯიშის სახელწოდებაც „თქვლაფა“. ბოტანიკური ნიშნებითა და სამეურნეო თვისებებით ძალიან ჩამოჰგავს ჭყაპას. ერთეული ძირების სახით გვხვდებოდა ცხინვალის, გორის, კასპისა და ბოლნისის რაიონების ვენახებში. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963, გვ. 173–177. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი