საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

ინგილოური


ჯიშის სახელწოდება: ინგილოურიingilouri სინონიმი: ასანბეგური, ხასანბეგური წარმოშობა:  კახეთი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი გვირგვინით და პირველი სამი ფოთოლაკი  შებუსულია ქეჩისებურად,ფერი თეთრი.მეორე იარუსის ფოთლები მომწვანო-ყვითელი ფერისაა,ქვედა მხარეს - მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის (17X17სმ), ფორმით მომრგვალო. უმეტესად სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი ფოთოლიც გვხვდება. ფერი - მუქი მწვანე. ზედაპირი ბადისებურად დანაოჭებული. ყუნწის ამონაკვეთი მომრგვალო ჩანგისმაგვარი ფორმის. ზედა ამონაკვეთი ძირითადად ზედაპირულია, ფორმა ჩვეულებრივ ღიაა, მახვილფუძიანი ჩანგისმაგვარი ფორმის, იშვიათად ნაპრალისმაგვარი ან შეჭრილი კუთხის ფორმის. ფოთლის ქვედა ამონაკვეთი, ჩვეულებრივ, ზეზეულია ან სულ არაა გამოსახული. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება გამოზნექილგვერდებიანი მახვილწვეროიანი სამკუთხედისმაგვარი კბილებით, გვერდითი კბილები ხერხის კბილების მსგავსია, ოდანავ გამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვეროიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ingilouri_2ზომის, სიგრძე 10-20სმ, სიგანე 6-10სმ, წონა 100-270გ. ფორმა ძირითადად კონუსური ან ცილინდრულ - კონუსური. ხშირად მხრიანი. მარცვლების რაოდენობა მტევანში,  საშუალოდ - 50-100. მარცვალი: მოქარვისფრო-ყვითელი. საშუალო და საშუალოზე დიდი ზომის, სიგრძე 1,55-1,8სმ, სიგანე 1,59-1,72სმ. ფორმა ოდნავ ოვალური. კანი თხელია და ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი წვნიანია, ოდნავ მკვრივი. მარცვალი ყუნწზე ძლიერადაა მიმაგრებული, გემო ტკბილია და საასიამოვნო, კარგადა გამოსახული ჯიშური არომატი გვაგონებს ქისის არომატს. წიპწების რაოდენობა მარცვალში - 1-4. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18-20%, მჟავიანობა 6-9 გ/ლ. მოსავლიანობა: 4,0 – 6,0 ტ/ჰა. მხსმოიარობის კოეფიციენტი: საშუალოდ 1,5. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: დგება ევროპული ტიპის ნაზი, მცირესხეულიანი, თეთრი სუფრის ღვინო, რომელიც ქარვისფერია, გამჭირვალე, აქვს  ნაზი, ჰარმონიული გემო.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დავადებების მიმართ საშუალო გამძლეობისაა. ჭრაქის მიმართ გამძლეობა შეფასებულია საშუალოდ, ნაცრის მიმართ  - საშუალოზე მცირედ. დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში. წყაროები: ტაბიძე დ., კახეთის ვაზის ჯიშები,  გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, თბილისი, 1954, გვ. 195-202. ჯავახიშვილი ივ.,  საქართველოს ეკონომიური ისტორია, ტფილისი, 1934. ცერცვაძე ნ.,  საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი, თბილისი, 1987, გვ. 250. Табидзе Д. И., Ингилоури, В: Ампелография CCCP, Малораспрастрненные  сорта винограда, Том 1, Отв. Ред. Негруль А. М., Издательство  “Пишепромиздат”, Москва,1963,Стр. 543-544. ავტორი: შენგელი კიკილაშვილი