მცვივანი რაჭული
ჯიშის სახელწოდება: მცვივანი რაჭული
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: რაჭა
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და პირველი ორი გაუშლელი ფოთოლი შებუსულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი ბეწვებით. ფერით მორუხო–თეთრია, ფოთოლაკებს და გვირგვინს გარს ავლია განიერი მოვარდისფრო არშია. მეორე იარუსის ფოთოლაკები (მე-3 და მე-4) ზემო მხრიდან შებუსულია თხელი აბლაბუდით და ფერით მოყვითალო ღვინისფერია. ქვემო მხრიდან საკმაოდ სქელი ქეჩისებრი ბეწვებითაა დაფარული.
ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანია. საშუალო სიდიდის (16X17სმ). ფორმით მომრგვალო. ზედაპირი ხშირად გლუვი, იშვიათად წვრილბურთულებიანი და მუქი მწვანეა. ყუნწის ამონაკვეთი მუდამ ღიაა, ჩვეულებრივ, თაღისებრი ფორმის მომრგვალო ფუძით. ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად დახურულია, თითისტარისებრი ან კვერცხისმაგვარი ფორმის. ქვედა ამონაკვეთები უფრო ხშირად სუსტია, შეჭრილი კუთხისმაგვარი მახვილი ფუძით. კბილები ვიწრო სამკუთხედისებრი, ზოგჯერ სწორმდგომი და ხერხის კბილებისებრ დახრილი ფორმით მახვილწვერიანი სამკუთხედისებრი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალო სისქის აბლაბუდისებრი ბეწვებით, რომელთა ქვეშ თხელი ჯაგრისებრი ბუსუსი გვხვდება. ყუნწის შებუსვა ჯაგრისებრია, და ფერად მწვანეა, მოწითალო ზოლების ჩარევით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომის (13X7 სმ). კონუსისებური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მხრიანი. საშუალო სიკუმსის, ცუდი დაყვავილების დროს - თხელი. წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს, მაგრამ დამახასიათებელია ჭარბი ყვავილცვენა - განსაკუთრებით დაყვავილების ცუდ პირობებში. ყუნწი ბალახისმაგვარია. რქასთან მიმაგრების ადგილზე ხევდება და მოყვითალოდ იფერება.
მარცვალი: მოქარვისფრო–ყვითელი, მზის მხარეზე კარგად ემჩნევა სიდამწვრის ლაქები და დაფარულია საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. საშუალო ზომისაა (1,45X1,36სმ). ფორმით მომრგვალო, იშვიათად ოდნავ შეზნექილი, შუაზე უფრო განიერი და ბოლო მომრგვალებული. კანი თხელი, გამჭვირვალე. რბილობი მკვრივი, ოდნავ კნატუნა. გემო ნაზი, სასიამოვნოდ ტკბილი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0-21,0 %, მჟავიანობა 6,2-10,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 7,0–8,0 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე
ღვინის დახასიათება: ხალისიანი, საკმაოდ სხეულიანი, სურნელოვანი და სასიამოვნო გემოთი. ზემო რაჭაში მისგან დგება ხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინო. იძლევა კარგ მასალას ცქრიალა ღვინისათვის.
დამატებითი ინფორმაცია: საადრეო-საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება ნაცრის მიმართ, ჭრაქისა და ფილოქსერის მიმართ კი სუსტ გამძლეობას იჩენს. კარგადაა შეგუბული რაჭის პირობებს. ზრდის სიძლიერე საშუალოა.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიშია.
წყაროები:
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960, გვ. 233-237.
მიროტაძე ა., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 1948, გვ. 105-108.
Деметрадзе В.С., Миротадзе А.М., Мцвивани рачули, В Ампелография СССР, Малораспространенные сорта, Том 2, Отв. Ред. Негруль А.М., Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, 1965, стр. 441-443.
ავტორი: დავით მაღრაძე