ძველი ალექსანდროული
ჯიშის სახელწოდება: ძველი ალექსანდროული
სინონიმი: უცნობია
წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი
მოკლე აღწერა:
ახალგაზრდა ყლორტი: შებუსულია, ზრდის კონუსია და პირველ ორ ფოთოლზე ვარდისფერი ლაქებია.
ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, სამ-, ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, იშვიათად ღია, ჩანგისებური, მახვილი ან მომრგვალებული ფუძით. კბილები სამკუთხედისებურია, სუსტად ამოზნექილი გვერდებით. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სისქის ქეჩისებური შებუსვით.
ყვავილი: მდედრობითი.
მტევანი: საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, კუმსი, ზოგჯერ თხელი, ფრთიანი. საშუალო წონა - 138 გ.
მარცვალი: მუქი წითელია, მოლურჯო ელფერით, თითქმის შავი, საშუალო ზომის, მომრგვალო. კანი მკვრივი. რბილობი წვნიანია, ჩვეულებრივი გემოსი.
ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-24,0 %, მჟავიანობა 6,0-9,0 გ/ლ.
მოსავლიანობა: 10,4 ტ/ჰა.
სამეურნეო მიმართულება: საღვინე.
ღვინის დახასიათება: ადგილობრივი მოხმარების სუფრის წითელი ღვინოა.
დამატებითი ინფორმაცია: ძველ ალექსანდროულს ახასიათებს საშუალო ზრდა-განვითარება. მოსავლიანობა არარეგულარულია და დამოკიდებულია დამტვერვის პირობებზე. ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს. სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვან დაავადებათა მიმართ.
დღევანდელი მდგომარეობა: საკოლექციო ჯიში.
წყაროები:
მიროტაძე ა. ბ., რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები, მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის გამოცემა, თბილისი, 1939, გვ. 86-89;
Миротадзе А. В., Дзвели Александроули, В: Ампелография СССР, Малораспространённые сорта винограда,Отв. Ред. Негруль А.М.,Изд-во 'Пищевая промышленность', Москва, Том I. 1966,ст. 471.
ავტორი: ეკატერინე აბაშიძე