საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

სხილათუბანი


ჯიშის სახელწოდება: სხილათუბანი სინონიმი: სხილთაუბანი,სხილათობანი, რცხილათუბანი,რცხილათობანი, ცხილათობანი,ცხრილათობანი წარმოშობა: გურიაsxilatubani
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: ზრდის კონუსი მოთეთრო ფერისაა, კიდეებზე მუქი წითელი ფერის. ახალგაზრდა ფოთლები ღია მწვანეა მოყვითალო ელფერით, კიდეებზე - მოწითალო-იისფერი, სქლადარის შებუსული მოთეთრო-ნაცრისფერი ბუსუსით, ქეჩისებურია. ყლორტი ღია მწვანეა, წვერისკენ ხშირად მოწითალო იის ან წითელი ღვინის ფერი გადაჰკრავს, მცირედ ან საკმაოდ შებუსულია ბეწვისებური ბუსუსით, შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისკენ. ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია, სამნაკვთიანი, ზოგჯერ დაუნაკვთავი. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია ვიწრო ან განიერი ელიფსური ფორმის ამონაკვეთით, გვხდება ღია ჩანგისებური ფორმის, მომრგვალო ან მახვილფუძიანი ამონაკვეთებიც. კბილები სამკუთხედისებრი ან ვიწრო სამკუთხედისებრი, წაგრძელებული წვერით ან სამკუთხედისებურია ამოზნექილი გვერდებითა და მახვილი წვერით. ფირფიტის ქვედა მხარე უხვად არის შებუსული მონაცრისფრო ბეწვისებური ბუსუსით. ყვავილი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ან ზოგჯერ საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან ძალიან კუმსი, იშვია­თად საშუალო სიკუმსის, საშუალო მასა შეადგენს 60,0-150,0 გრამს. მარცვალი: საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, მუქი ლურჯი - შავ ფერში გარდამავალი, უხვად დაფენილი ცვილით, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი წვნიანი, სასიამოვნო, ტკბილი და ხალისიანი, მომჟავო გემოსი. უმეტესად სამწიპწიანი. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 19,0-20,0 %, მჟავიანობა 8,0-9,0 გ/ლ. მოსავლიანობა: 8,0-9,0 ტ/ჰა. სამეურნეო მიმართულება: საღვინე. ღვინის დახასიათება: ხარისხიანი სუფრის ღვინოა. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა (10,6-11,8%) და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით.
დამატებითი ინფორმაცია: საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებად გამძლეა, განსაკუთრებით ზიანდება ნაცრით. დღევანდელი მდგომარეობა: მცირედ გავრცელებული ჯიში. წყაროები: კეცხოველი ნ., რამიშვილი მ.,  ტაბიძე დ., საქართველოს ამპელოგრაფია, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1960. რამიშვლი მ., ამპელოგრაფია, გამომცემლობა „განათლება“, 1986, გვ. 500-502. Рамишвили М.А., Схилатубани, В: Ампелография СССР, Малораспростра­ненные сорта винограда,Отв. ред. Негруль А.М.,Изд-во Пищевая Промышленность, Москва,1966. Том III. Ст. 170-172. ავტორი: ირმა მდინარაძე