საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნება

მთავარი
/
პროექტის შესახებ
/
კონტაქტი
 / 

ENG

კაკნატელა


ჯიშის სახელწოდება: კაკნატელაkaknatela სინონიმი: უცნობია წარმოშობა: ქართლი
მოკლე აღწერა: ახალგაზრდა ყლორტი: გვირგვინი და ორი ფოთოლაკი მოთეთრო-მოყვითალოა, შებუსულია უხვად აბლაბუდისებურად. ზრდასრული ფოთოლი: ხუთნაკვთიანია. მცირე ზომის (სიგრძე 14–17სმ, სიგანე 12–14სმ). გულისებრი ფორმის. ფირფიტა ღარისებრია. ზედაპირი გლუვი, შეფერილია მწვანედ. ზედა ამონაკვთები საშუალო სიღრმის და დახურულია. ქვედა ამონაკვთები შეუმჩნეველი ან შეჭრილკუთხისებრია. ყუნწის ამონაკვეთი დახურულია, იშვიათად დეზიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალოდ, მოკლე და ხშირი ჯაგრისებრი ბუსუსებით. მარცვალი: საშუალო ზომის (სიგრძე 15,5–17,5მმ, სიგანე 13–15მმ). ოვალური, ხშირად მომრგვალოა და წაგრძელებული. რბილობი ხორციანია, ნაკლებ წვნიანი, სასიამოვნო გემოსი. კანი სქელი, კნატუნა, მწკლარტე, რაც ნაწილობრივ აქვეითებს სასუფრე ყურძნის ხარისხს. ყურძნის წვენი: შაქრიანობა 16,0–17,0%, მჟავიანობა 5,5–6,0 გ/ლ. სამეურნეო მიმართულება: სასუფრე. სასუფრე ყურძნის დახასიათება: ხარისხოვანი სასუფრე ყურძნის ჯიშია.
დამატებითი ინფორმაცია: სოკოვანი დაავადებებიდან და მავნებლებიდან კაკნატელა ნაცრისადმი საშუალოდ მგრძნობიარეა, ყურძნის ჭიისა და აბლაბუდიანი ტკიპის მიმართ შედარებით  გამძლეა, ვიდრე ჩინური, განჯური და სხვ. საშუალო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ძველად საკმაოდ ყოფილა გავრცელებული, მაგრამ სოკოვან დაავადებათა მიმართ მაღალი მგრძნობელობის გამო მისი ნარგაობა მცხეთაში, კასპში და სხვაგან შემცირებულა. სახელი მისი ჭამის დროს „კნატუნის“ თვისების გამო შეარქვეს (ივ.ჯავახიშვილი, 1934). დღევანდელი მდგომარეობა:  დაკარგული ჯიში. წყაროები: კიკაჩეიშვილი რ., ქართლის ვაზის ჯიშების შესწავლისათვის, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1963. გვ. 124–129. ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, ტ. 2, თბილისი, 1934, გვ. 422–487. ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი